უსუპოვის მამა გარდაცვალების კახეთის ვერსიაზე პირველ კომენტარს აკეთებს

რაულ უსუპოვის მამა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც „კვირას“ იაშარ უსუპოვმა განუცხადა, სასამართლოს ყოფილი მთავარი პროკურორი მამუკა გვარამია და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილი მოადგილე როსტომ ლაზარია წინასწარ პატიმრობაში უნდა დაეტოვებინა. ამასთანავე, იაშარ უსუპოვი ამბობს, რომ თანხა, რომლითაც სასამართლომ მამუკა გვარამია და როსტომ ლაზარია გაათავისუფლა, ძალიან მცირეა.
„სასამართლოს არ უნდა გაეთავისუფლებინა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. უნდა დაეპატიმრებინათ. რა არის მათთვის 3000 – 3000 ლარი? მაგდენი 3000 ლარი რამდენი ექნებათ აღებული მაგათ თავის დროზე, სანამ თანამდებობაზე იყვნენ? სამი ათასი რა არის მათთვის. სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო“, – განუცხადა „კვირას“ იაშარ უსუპოვმა.
გარდა ამისა, იაშარ უსუპოვი მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც შეეხო, თითქოსდა, ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი კახეთში მოკლეს. გარდაცვლილის მამა ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება. მას მიაჩნია, რომ ვიღაცა ცდილობს, გამოძიებას არასწორი ვერსია მიაწოდოს.
„არა, მაგ ვერსიას საერთოდ არ ვიზიარებ. ეგ იმიტომ ხდება, რომ საზოგადოებას და გამოძიებას კვალი აურიონ და დააბნიონ. მოვა დრო და ყველაფერზე კომენტარს გავაკეთებ, ახლა რა გითხრათ. რატომ ვრცელდება ეგ ინფორმაცია, ძალიან გაოცებული ვარ. ვიღაცა ცდილობს, რომ ახალი ვერსია შემოაგდოს. მაგათ რა იციან? ჩვენ ხომ ვიცით, როდის გავიდა ჩემი შვილი სახლიდან, როდის გაითიშა ტელეფონი და ასე შემდეგ… მაგ ვერსიას საერთოდ არ ვიზიარებ“, – აცხადებს იაშარ უსუპოვი.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულებს – ყოფილ მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას აღკვეთის ღონისძიებად 3-3 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ბრალი, 2015 წლის 31 იანვარს, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გვარამიამ და ლაზარიამ ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები