„ლარი ზედმეტად დაცემულია. რეალური ფულის მასის დინამიკით ის უფრო ძლიერად უნდა იყოს წარმოჩენილი“

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ლარის დევალვაციის შესახებ ისაუბრა.
რომან გოცირიძის განცხადებით, ლარის დევალვაციის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე ფუნდამენტური ეკონომიკური პროცესები გახდა, რომელიც საგარეო ფაქტორმა დაამძიმა.
„ საგარეო ფაქტორი, პირველ რიგში, არის რუსეთის კრიზისი, რომელმაც გადმორიცხვების შემცირება გამოიწვია. მეორეა ქართული პროდუქციის რუსეთში შეზღუდვა და უკრაინის ბაზრის დეზორგანიზაცია ყირიმისა და დონბასის დაკარგვის სახით“, – აღნიშნა გოცირიძემ, თუმცა, მისივე განცხადებით, ლარი დღეს მაინც იმაზე დაბალია, ვიდრე ის რეალური ფულის მასის დინამიკიდან უნდა იყოს წარმოჩენილი. საგარეო ფაქტორებთან ერთად ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყნის შიგნით ლარის დევალვაციის მაპროვოცირებელ გარემოებებზეც ისაუბრა.
„ დღეს ლარი ზედმეტად დაცემულია. ლარი ცოტათი ნაკლებად ძლიერად არის წარმოჩენილი, ვიდრე რეალური ფულის მასის დინამიკიდან უნდა იყოს. ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი ის ფუნდამენტური ფაქტორებია, რომელიც შიდა ეკონომიკაში მოხდა. სახელმწიფოს ბიუჯეტი არასტაბილურობის გენერატორი გახდა. ბიუჯეტის სტრუქტურა და მისი ხარჯების ხასიათი მუდამ არასტაბილურობას გამოსცემს. ეკონომიკური კურსის ცვალებადობა მონეტარული სტაბილურობის შემარყეველი გახდა“,- აღნიშნა გოცირიძემ.
გოცირიძემ ქვეყანაში კრედიტების რაოდენობის ზრდის ტენდენციის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში კრედიტების რაოდენობა გასული წლის დეკემბერში 5% -ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები