ირაკლი ფირცხალავას მეუღლე: იური ვაზაგაშვილის მოთხოვნები უკანონო იყო
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილის მოთხოვნები პოლიციის მაღალჩინოსნების მიმართ უკანონო იყო.
როგორც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, მათი ოჯახის მიმართ იური ვაზაგაშვილი წლების განმავლობაში მორალურ დისკრედიტაციას ცდილობდა.
„რასაკვირველია იური ვაზაგაშვილის მოთხოვნები და მისი წამოყენებული ბრალდებები, სხვათაშორის მორალური ტიპის მოთხოვნები, ოჯახის წევრების მიმართ იყო მორალური დისკრედიტაციის მცდელობა. სამართლებრივი მიმართულებითაც მისი მხრიდან ასევე არასწორი პოზიციაა გაჟღერებული, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ეს იყო ჩვენი ოჯახის ტკივილი. იმიტომ, რომ ჩვენც გვყავს შვილები და ჩვენი შვილებიც ამ ყველაფერს განიცდიან“, – აღნიშნა ნინო ხვიტიამ.
ირაკლი ფირცხალავას მეუღლე პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებასაც გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, იგი არ ფლობს ინფორმაციას, რომ შესაძლოა ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებულები, მათ შორის მისი მეუღლეც ე.წ. მატროსოვის ციხის ნაცვლად გლდანის ციხეში მოათავსონ. „ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა დღეს ამ სახელმწიფოში, რასაკვირველია მოლოდინის რეჟიმში ვარ ყველანაირი უპასუხისმგებლო, ყველანაირი დისკრიმინაციული ნაბიჯების გადადგმისკენ, და უფრო მეტიც, ღმერთმა ნუ ქნას, რომ დადგეს ჩემი მეუღლისა და მისი მეგობრების სიცოცხლის საფრთხის საკითხი, რაც მან სამწუხაროდ არაერთხელ განახორციელა და არამარტო წინა წლებშიც და ამ ყველაფრის მე მეშინია“, – აღნიშნა ნინო ხვიტიამ.