“ავტომფლობელებს საკმაოდ მძიმე პერიოდი დაუდგებათ”

ორგანიზაცია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ ავტომობილების ტექდათვალიერების 2 წლით გადავადების საკითხს ეხმაურება. როგორც „კვირას“ ორგანიზაციაში განუცხადეს, მათთვისაც გაუგებარია, თუ რატომ მიიღეს ტექდათვალიერების გადავადების საკითხი 2 წლის ვადით.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ გადავადება ერთგვარი პოლიტიკური აქტია, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 2017 წელს უნდა გაიმართოს. „კვირა“ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „დღეს, რომ ტექდათვალიერება შემოღებულიყო ჩვენი გათვლით მინიმუმ 350 000 ავტომობილი ავტომატურად ჯართად გადაიქცეოდა და ამდენივე ადამიანს მიაყენებდა ძალიან მძიმე ეკონომიკურ დარტყმას. ამიტომაც ამ პროცესის გადავადება დროებით გონივრული ნაბიჯია. თუმცა ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს, გარემოს (ჰაერის) დაბინძურების კატასტროფული მაჩვენებელი და ამ მიზეზით მომრავლებული დაავადებები. ჩვენს ასოციაციას მიაჩნია, რომ ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ ტექდათვალიერების პროცესის მომზადებისთვის: 1. დაიწყოს საწვავის ხარისხის კონტროლი. 2.ავტომფლობელს განესაზღვროს წინასწარ და განემარტოს, რას ნიშნავს ტექდათვალიერება და რა სტანდარს უნდა აკმაყოფილებდეს მათი ავტომობილი. 3. დაწესდეს შეზღუდვა მწყობრიდან გამოსული ძველი ავტომობილების იმპორტზე. ისე, როგორც ეს აზერბაიჯანმა დააწესა. 4.მომზადდეს ისეთი ტიპის ცვლილებები, რომელიც წაახალისებს ახალი ავტომობილის შეძენის მსურველს, მაგალითად 3 წლამდე ავტომობილის მყიდველი განთავისუფლდეს საბაჟო გადასახადისგან. 5. მოწესრიგდეს ძირითად-მთავარ ცენტრალურ გზებზე (მაინც) საფარი და ზოგადად, საგზაო ინფრასტრუქტურა. ვფიქრობთ, რომ ტექდათვალიერების შემოღებამდე ეს ეტაპები გასავლელია. საინტერესოა ერთი დეტალი რატომ გადაიდო ტექდათვალიერება 2017 წლის 1 დეკემბრამდე? საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციას მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკური აქტი, ვინაიდან მისი შემოღება დაიგეგმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით. თუ მძღოლებმა არ გაიარეს მოსამზადებელი ეტაპი ტექდათვალიერებისთვის, 2017 წლის ბოლოს არჩევნების შემდეგ, წინასაახალწლოდ ავტომფლობელებს საკმაოდ მძიმე პერიოდი დაუდგებათ“ – ნათქვამია ორგანიზაციაში „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ .
შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების ვალდებულება ორი წლით, 2017 წლის 31 დეკემბრისთვის გადაიწევს. შესაბამისი კანონპროექტი მთავრობის ინიციატივით პარლამენტს უკვე წარედგინა და მისი დაჩქარებული წესით განხილვა იგეგმება.
“საგზაო მოძრაობის შესახებ” ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო მიმდინარე წლის 1 მარტიდან ხდება. ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირებას მხოლოდ ის სატრასპორტო საშუალებები ექვემდებარებიან, რომლებიც ახორციელებენ ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვას და რომელთაც სამი ტონა და მეტი ტვირთამწეობა გააჩნიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები