ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ 11 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულები დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოს და ე.წ. მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოათავსეს.
ადვოკატ დავით ხაჟალიას განცხადებით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
მისი თქმით, ირაკლი ფირცხალავამ ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა.
“ირაკლი ფირცხალავამ ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა და სიტყვა სიტყვით განაცხადა, რომ არ აწერს ხელს, იმიტომ რომ “ეს ბრალდება სცილდება ყოველგვარ გონებრივ ზღვარს“,-განუცხადა ჟურნალისტებს ხაჟალიამ.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე პროკურატურამ გახსნილად გუშინ გამოაცხადა. 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. დაკავებულები არიან: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. ხოლო ერთი პირის – შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებლის გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელმაც დატოვა საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.
დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლები წარუდგინეს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “ა”, “ზ” და “თ” ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.