„სესიაშვილის განცხადება ვაზაგაშვილის გარდაცვალებაზე არასერიოზული ნათქვამი იყო“

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საკითხს გამოეხმაურა.
ყოფილი მინისტრის შეფასებით, მომხდარი ფაქტი ამაზრზენია. მისივე განცხადებით, არც ქვეყანა და არც მოქალაქეები დღეს დაცულები არ არიან.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელზეც ვაზაგაშვილი აფეთქდა, ძველია, ან ის, რომ მისი შოვნა „შავ ბაზარზეც“ შეიძლება, არაფერს ამბობს. რამდენად ძველია ის? ეს პირველი მსოფლიო ომისდროინდელია, მეორესი, თუ ყოფილი რუსული საბჭოთა ბაზიდან არის? სხვათა შორის, ასეთი მოწყობილობები თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობებშიც არის. „შავ ბაზარზე“ კი როგორც ძველი, ისე უახლესი ასაფეთქებელი მოწყობილობების შოვნაც შეიძლება. ნებისმიერ შემთხვევაში ასაფეთქებელ მოწყობილობას სჭირდება სპეციალისტი, რომ დააყენოს. ის, რაც მოხდა, ამაზრზენია. ჩემი ძმა რომ ააფეთქეს 2000 წელს, მე ზუსტად ვიცოდი, რომ მკვლელს „ვერ“ იპოვიდნენ. არ მეგონა, თუ ასეთი რამ კიდევ მოხდებოდა. არც ქვეყანა და არც მოქალაქეები დღეს დაცულები არ არიან“,- აღნიშნა თევზაძემ.
დავით თევზაძე ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სესიაშვილის განცხადება „არასერიოზული ნათქვამი“ იყო.
„რაც შეეხება ირაკლი სესიაშვილის განცხადებას, ის არც გამომძიებელია და არც პროკურორი. თუ ის გამოძიებაში არ არის ჩართული, თანამდებობრივად მას ასეთ მასალებზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს. ეს ამ რანგის პოლიტიკოსისგან უბრალოდ არასერიოზული ნათქვამია. გამოძიებამ, საბოლოო ჯამში, რომც გამოარკვიოს, რომ იქიდან გადმოვიდა ვიღაც, და რომ ვაზაგაშვილი შემთხვევითი მსხვერპლია, მაშინაც კი წინასწარ ეგ არ უნდა ითქვას“,- განაცხადა დავით თევზაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვარაუდობს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელი საოკუპაციო ზოლიდან მოქმედებდა. როგორც სესიაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მკვლელობის ადგილი საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს.
“საქმე რთულად იქნება გამოსაძიებელი. გეოგრაფიულად, სადაც მოხდა აღნიშნული ფაქტი, ახლოს არის საოკუპაციო ზოლთან და, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, მკვლელი მოქმედებდა საოკუპაციო ზოლიდან. ეს კიდევ უფრო ართულებს ვითარებას. მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა მოხდეს გამოძიება, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე შეიძლება ვისაუბროთ, რომლებიც უკავშირდება როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურ მოტივებს”, – განაცხადა სესიაშვილმა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები