დავით თევზაძე “ქვეყნის გამოსაფხიზლებლად” საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ქვეყნის გამოსაფხიზლებლად ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის,- ამის შესახებ თევზაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
როგორც ყოფილმა მინისტრმა განმარტა, ის ნორვეგიაში სამეფო – საჰაერო ძალების აკადემიაში კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ემზადება, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ფორმირებას შეუდგება.
„ვემზადები ნორვეგიაში სამეფო – საჰაერო ძალების აკადემიაში კონფერენციაში მონაწილეობისთვის. ეს ეხება 2008 წლის ომის სამხედრო თეორიის შედეგებს, ასევე, გარკვეულწილად – ამ ომში რუსულ სტრატეგიას. მიწვეული ვარ, როგორც მომხსენებელი. ათი თებერვლისთვის დავბრუნდები და ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ფორმირებას შევუდგები, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, დათმოს, ან შეცვალოს ხელისუფლების ნაწილი. იმ ვითარების ატანა, რომელშიც ვცხოვრობთ, 12 წელია აღარ შეიძლება. ვაზაგაშვილის გარდაცვალება უკვე ბოლო წვეთი იყო. ქვეყანა უნდა გამოფხიზლდეს. ვითანამშრომლებ მათთან, ვისაც თავისი ქვეყნის მიმართ იგივე ღირებულებები გააჩნია. ქვეყნის შეტოვება იმ ადამიანების ხელში, რომელთაც არც ქვეყნის მართვაზე აქვთ წარმოდგენა და არც მომავალი განვითარების ხედვა გააჩნიათ, არ შეიძლება მე ჩემი მასწავლებლობის პრაქტიკას თავს ვანებებ და სრულიად ახალ სივრცეში გადავინაცვლებ“,- განაცხადა დავით თევზაძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით თევზაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტს 1998 წლის აპრილიდან 2004 წლის თებერვლამდე იკავებდა.