ელისო ბოლქვაძეს „იუნესკოს მშვიდობის არტისტის“ წოდება მიენიჭა

მსოფლიოში ცნობილ ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს „იუნესკოს მშვიდობის არტისტის“ წოდება მიენიჭა. ცერემონია პარიზში გაიმართა. ელისო ბოლქვაძე სამომავლოდ მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვას და მსოფლიოს კონფლიქტურ ზონებში დაზარალებულ ბავშვთა განათლების ხელშეწყობას გეგმავს.
ამ საპატიო წოდებას მსოფლიოში გამოჩენილი არტისტები ფლობენ: სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, ვალერი გერგიევი, პლასიდო დომინგო.
ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და მისი საქველმოქმედო ღონისძიებები აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით და აღნიშნული წოდება პირველად მიენიჭა ქართველ არტისტს.
ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“, რომლის მთავარი მიზანიც არის ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტების ხელშეწყობა, ასევე მართავს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს. ფესტივალი ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას და  ახალი ნიჭიერი სახელების აღმოჩენას.
„ბედნიერი ვარ, რადგან მე შევუერთდი ისეთი არაჩვეულებრივი ადამიანების რიგებს, რომლებიც წარმოადგენენ მთელს მსოფლიოში ძალიან საჭირო და ინტელექტუალურ იდეებს“, – აღნიშნა ელისო ბოლქვძემ.
„ელისო ბოლქვაძე არის პირველი ქართველი არტისტი, რომელმაც მიიღო ეს ტიტული. დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად ატარებს ამ ტიტულს ორი წლის განმავლობაში. იგი ასახელებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გაავრცელებს იუნესკოს ღირებულებებს მსოფლიო მასშტაბით“, – განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთსა და მონაკოში, მუდმივმა წარმომადგენელმა იუნესკოში ეკატერინე სირაძე-დელონემ.
ელისო ბოლქვძეს „იუნესოს მშვიდობის არტისტის“ წოდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები