აჭარის სამთავრობო დელეგაცია „ემითის“ ტურისტული გამოფენის ოფიციალურ გახსნას დაესწრო
აჭარის სამთავრობო დელეგაცია არჩილ ხაბაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს მთავრობის თავმჯდომარე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად „ემითის“ ტურისტული გამოფენის ოფიციალურ გახსნას დაესწრო. გამოფენაზე საქართველოსა და აჭარის ტურისტულ პოტენციალს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი წარადგენენ.
ქართულ სტენდზე სამთავრობო უწყებებთან ერთად წარმოდგენილია საქართველოს კერძო ტურისტული კომპანიები. ქართულმა დელეგაციამ ქართულ სტენდთან თურქეთის სამთავრობო უწყებების ოფიციალურ პირებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორებს უმასპინძლა. გამოფენაზე ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა. „ემითი“ თურქეთში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენაა, წელს იგი მე-19 იმართება. გამოფენაში მონაწილეობს 70-მდე ქვეყანა, რომელსაც 150 ათასი პროფესიონალი ვიზიტორი სტუმრობს. „ემითის“ ტურიზმის გამოფენა „ტუიაპის“ საგამოფენო ცენტრში 25 იანვრამდე გაგრძელდება.