მიხეილ სააკაშვილი: მამა ილიას დაღუპვის ამბავს მთელი ევროპის ტელევიზიები გადმოსცემდნენ

ისტორია მეორდება, ქართველებს კვლავაც გვყავს თანამედროვე გმირები, – ასე ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბორან “ნორმან ატლანტიკის” კატასტროფისას მამა ილია კარტოზიას დაღუპვის ფაქტს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ნამდვილი საქართველო სწორედ მამა ილიას, პროფესორ ჟორდანიას, გიორგი ანწუხელიძის, ალექსანდრე გრიგოლაშვილისა და მსგავსი ადამიანების სამშობლოა.
“მამა ილიას დაღუპვის ამბავს მთელი ევროპის ტელევიზიები გადმოსცემდნენ. მან ბორან “ნორმან ატლანტიკის” კატასტროფის დროს, რომელიც საბერძნეთის სანაპიროსთან მოხდა, გემბანი არ მიატოვა და ბევრ მგზავრს დაეხმარა. მამა ილია კარტოზიამ სამაშველო ნავში თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად, ისევ გემბანზე დარჩა. მისი ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. ზურგჩანთაში კი, რომელსაც სულ თან ატარებდა, ხატები აღმოჩნდა. როგორც ბორანის სხვა მგზავრები იხსენებენ, კატასტროფის დროს მამაო მათ ამშვიდებდა და ყველანაირად ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაერჩინა. ისტორია მეორდება, ქართველებს კვლავაც გვყავს თანამედროვე გმირები… ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მომიყვეს ამბავი პროფესორ იოსებ ჟორდანიაზე, რომელმაც პატარა გოგონას სიცოცხლე გადაარჩინა, თვითმფრინავის კატასტროფის დროს, მან საკუთარი სამაშველო რგოლი უბილეთო მგზავრს გადასცა, ცურვაც კი არ იცოდა, მაგრამ თავისი სიცოცხლე პატარა გოგონას უყოყმანოდ დაუთმო. როდესაც მამა ილიას დაღუპვის ამბავი შევიტყვე, მაშინვე პროფესორ ჟორდანიას ისტორია გამახსენდა. ნამდვილი საქართველო სწორედ მამა ილიას, პროფესორ ჟორდანიას, გიორგი ანწუხელიძის, ალექსანდრე გრიგოლაშვილისა და მსგავსი ადამიანების სამშობლოა. აი ასეთი ხალხი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები