სოციალურად დაუცველი ოჯახების პატარებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და პედიატრიული ცენტრის, “M მედი 22”- ის თანამშრომლობის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი ოჯახების პატარებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ნაძალადევის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, 39 პაციენტი ყველა პროფილის ექიმმა გასინჯა და შესაბამისი დანიშნულება მისცა. აქედან 18-ს სხვადასხვა სახის პრობლემა აღმოაჩნდა. მშობლების მომართვის შემთხვევაში, მათი მკურნალობის თანხებს რაიონის გამგეობა აანაზღაურებს. ბავშვები კლინიკაში ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ მოინახულა. გამგებლის თქმით, გამგეობისა და პედიატრიული ცენტრის მხარდაჭერით სოციალურად დაუცველ ბავშვებს უფასო გამოკვლევები პერიოდულად, მთელი წლის განმავლობაში ჩაუტარდებათ. როგორც ჩვილი ბავშვების, ისე მოზარდებისთვის გამოკვლევების ჩატარების მსურველმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა უნდა მიმართონ გამგეობას. პედიატრიული კლინიკა “M მედი 22“ ნაძალადევის რაიონში, ბუაჩიძის 12-ში მდებარეობს.