ილია მეორე: მას შეეძლო გადარჩენილიყო, თუმცა თავისი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას იტალიაში, ბორანზე დაღუპულ მამა ილია კარტოზიაზე ისაუბრა.
როგორც პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, სასულიერი პირს შეეძლო გადარჩენა, თუმცა კუთვნილი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო.
“გარდაიცვალა ჩვენი მოძღვარი, არქიმანდრიტი ილია, გემზე მყოფი. გემს მოეკიდა ცეცხლი. მას შეეძლო, რომ გადარჩენილიყო, თავისი ადგილი დაუთმო ბავშვიან ქალს, თავად ზღვაში ჩავარდა და იქ დაიღუპა. ღმერთმა აცხონოს და ნათელში მყოფოს მისი სული“, – ბრძანა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკს“, რომელიც იტალიაში მიემგზავრებოდა, ცეცხლი 28 დეკემბერს გაუჩნდა. მაშველებმა გემიდან მგზავრების ევაკუაცია მოახდინეს. გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი. სულ გემზე 400-ზე მეტი პირი იმყოფებოდა, მათგან რვა საქართველოს მოქალაქე იყო. შვიდის გადარჩენა მოხერხდა.
მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის ილია კარტოზიას ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველმა სასულიერო პირმა სამაშველო ნავში ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო, მოგვიანებით კი, როდესაც მაშველები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თოკი გაწყდა და მოძღვარი ზღვაში ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები