საპატრიარქოში პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა
საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესის 82 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოს ეზოში ჩაბრძანდა, სადაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ უწმინდესისთვის იუბილე მიელოცათ. შესრულდა საგალობლები, ხალხური სიმღერები, უწმინდესს მიუძღვნეს ლექსები. პატრიარქმა დალოცა სრულიად საქართველო და შეკრებილებს მიმართა ყველას ერთად ეთქვათ ღვთისმშობლისადმი ლოცვა “მოწყალებისა კარი განგვიღე”. პატრიარქთან ერთად საპატრიარქოს ეზოში შეკრებილებმა ღვთისმშობლისადმი ლოცვა სამჯერ წარმოთქვეს.
მანამდე კი პატრიარქთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების სასულიერო პირები, ჩოხოსნები, საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრის პირველი ნაწილის დასასრულს, პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა უწმინდესს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურების სახელით მადლობა გადაუხადა ღვთისადმი ერთგული სამსახურისათვის დაბადების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პატივია იმყოფებოდნენ უწმინდესის საიუბილეო ღონისძიებაზე.
“თანამედროვე სასულიერო პირების მთელი პლეადა თქვენი ომფორის ქვეშ გავიზარდეთ, ყოველთვის გვეამაყებით, როგორც პატრიარქის მდივანი მადლობას მოგახსენებთ თქვენი ღვაწლისა და ამაგისათვის და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ”, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა. სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბადებიდან 82 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.