ავარიის დროს დაშავებული 14 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
აბაშის რაიონის სოფელ მარანთან ავარიის შედეგად დაშავებული 14 წლის მოზარდის მდგომარეობა ისევ მძიმეა – ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე თქმით, 14 წლის მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„შემოსვლისას უგონო მდგომარეობაში იყო, ახლა მართვით სუნთქვაზეა. ჩაუტარდა თავის ტვინის, მუცლის, გულმკერდის არის კვლევები. თავში ჰემორაგია არ არის და თავის მხრივ საოპერაციო არაა. გულმკერდზე არის ლავიწის ძვლისა და ასევე ტერფის მეორე ფალანგის მოტეხილობა”, – განაცხადა ექიმმა თამარ გურეშიძემ.
გუშინ აბაშის რაიონის სოფელ მარანთან მიკროავტობუსი ჩაქროსნულ მატარებელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. დაშავებულებიდან ორი ქუთაისის საავადმყოფოშია, 2 – აბაშაში, 2 – ზუგდიდში, 2 – სამტრედიაში, ხოლო 14 წლის ბიჭი თბილისშია გადმოყვანილი. დაშავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, მატარებელი ვერ შეამჩნია.