უზენაესი სასამართლო ემზარ კვიციანის განაჩენთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება

 

    უზენაესი სასამართლო სხვადასხვა მედიასაშუალებებში ემზარ კვიციანის განაჩენთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება და ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლის შემცველი განცხადებების გავრცელებისგან – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„2014 წლის 17 ნოემბერს, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა პროკურატურის მიერ ემზარ კვიციანისთვის წარდგენილი ბრალის შესახებ. ემზარ კვიციანს ბრალად ედებოდა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა, შეთქმულებასა და ამბოხში მონაწილეობა. წარმოდგენილი მასალების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მათ შორის გახლდათ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადება, სადაც პარლამენტარი აცხადებს, რომ „საქმეში იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი, იყო პროცესუალური დარღვევები, რომელიც წინა პერიოდში იყო ჩადენილი და საჭირო იყო ამ ფაქტების გადამოწმება. იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ყურადღებით განიხილავს ყველა იმ გარემოებას და ფაქტს, რომელიც ამ საქმეში არის და მიიღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთანავე, უზენაესი სასამართლო პარლამენტის დეპუტატს ეკა ბესელიასაც მიმართავს და მას სასამართლოს ზეწოლაში ადანაშაულებს.
„სასამართლო შეახსენებს ქალბატონ ეკა ბესელიას და ამ საქმით დაინტერესებულ ყველა პირს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს წარმოდგენილი მასალების გამოკვლევის შემდეგ მხოლოდ კანონზე და მოსამართლის შინაგან რწმენაზე დაყრდნობით. ამ გადაწყვეტილების შემოწმება მხოლოდ ზემდგომი ინსტანციის უფლებამოსილებაა და სააპელაციო სასამართლოს არავისგან არ სჭირდება მითითება, თუ როგორ უნდა შეისწავლოს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი. ამიტომ, როცა პარლამენტარი ამბობს, რომ საქმეში იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი და მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს სააპელაციო სასამართლოს, ეს უკვე არის სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა. პარლამენტარი, პირველ რიგში, თავად უნდა იძლეოდეს სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ პატივისცემის მაგალითს. სასამართლო ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ შეწყდება სააპელაციო სასამართლოს მისამართით ზეწოლის შემცველი განცხადებები და საზოგადოება და პოლიტიკოსები ერთად დაელოდებიან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები