„პროკურატურას ბატიაშვილთან გარკვეული გარიგების მცდელობა ჰქონდა“

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეს გამოეხმაურა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, აშკარად ჩანს, რომ საქმეს სამართლებრივი ინტერესის გარდა პოლიტიკური ინტერესიც გააჩნია. ქარდავამ ირაკლი ალასანიას მოადგილის, ალექსანდრე ბატიაშვილის დაკითხვის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ის ფაქტი, რომ ბატიაშვილის დაკითხვის შემდეგ ორი ოქმი არსებობდა, მოწმობს იმას, რომ პროკურატურის წარმომადგენლებს ბატიაშვილთან გარკვეული გარიგების მცდელობა ჰქონდათ.
„მსუბუქად რომ ვთქვათ, პროკურატურა ხშირად ისეთ საკითხებზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც ბევრი კითხვის ნიშანს ტოვებს. პროკურატურა ხშირად ტოვებს ისეთ განცდას, რომ მას სამართლის უზენაესობის დაცვის გარდა გარკვეული პოლიტიკური ფუნქციაც აკისრია. პროკურატურის თანამშრომლების გარდა, ალბათ, ქვეყანაში ორ ადამიანს ვერ იპოვით, ვისაც სჯერა, რომ აქ მხოლოდ კანონიერ გადაცდომაზეა საუბარი და აბსოლუტურად სუფთაა ეს თემა პოლიტიკისგან. როცა საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაკითხვის შემდეგ ოქმს ხელს არ აწერს იმ მოტივით, რომ დაკითხვა დარღვევებით წარიმართა, მოწმობს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზე ვერ არის. იმედი მაქვს, ამ საკითხზე პროკურატურა თავის პოზიციას დააფიქსირებს. საერთოდ, პარადოქსია და წარმოუდგენელია მეორე ოქმის მიტანა. რას ნიშნავს ორი ოქმი. ეს იმას ნიშნავს, რომ მასთან გარკვეული გარიგების მცდელობა იყო, სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია, რაში დასჭირდათ ორი ოქმი. პროკურატურას ჯერჯერობით რამე საფუძვლიანი არაფერი უთქვამს. ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ერთხელ უკვე ისაუბრა და დააანონსა პროკურატურის მხრიდან თავდაცვის სამინისტროს შემოწმების აუცილებლობა. თავდაცვის სამინისტრო იმდენად დარწმუნებულია თავის სიმართლეში, რომ გრიფ „საიდუმლოს“ მოხსნა და გასაჯაროება მას გარკვეულ პრივილეგიას ანიჭებს“,- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები