ბიუჯეტიდან შესაძლოა ე.წ. არაკვალიფიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაფინანსდნენ
საარჩევნო უბნებზე წარმომადგენლები შესაძლოა ბიუჯეტიდან ე.წ. არაკვალიფიციურ პარტიებსაც დაუფინანსდეს,- აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ისაუბრა.
მმართველმა კოალიციამ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიიღო და კანონში შესატანი სათანადო ცვლილების ფორმულაც მოიფიქრა. თუ ასეთი პარტიები გაერთიანდებიან და წინა თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნების დროს მათ მიერ მიღებული შედეგი ჯამში 2% იქნება, ასეთ შემთხვევაში, უბნებზე მათი წარმომადგენლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ დაფინანსებას.
“იმ პარტიებს, რომლებმაც ვერ გადალახეს არჩევნებში 3% და სურთ, მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, ჩვენ ვეუბნებით, თუკი გაერთიანდებით და თქვენი ჯამური შედეგი 2%-ს გადააჭარბებს, მაშინ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ კომისიებში თქვენ წარმომადგენელსაც ჰქონდეთ დაფინანსება ბიუჯეტიდან. რამდენ პარტიასაც ექნება ჯამში მოსახლეობის 2%-ის მხარდაჭერა, გთავაზობთ, რომ ამავე მოსახლეობის გადასახადებით დაფინანსდეს მათი წარმომადგენლები უბანზე. ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა და ჩვენ ამაზეც წავედით,” – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.