1 ოქტომბერი ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

1 ოქტომბერს, ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი უერთდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ წლევანდელ თემას – „ხანდაზმული პირები ადგილობრივი და გლობალური ქმედების მამოძრავებელი ძალაა: ჩვენი მისწრაფებები, ჩვენი კეთილდღეობა და ჩვენი უფლებები,“ – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს თემა ხაზს უსვამს ხანდაზმული ადამიანების როლს მდგრადი და სამართლიანი საზოგადოებების ჩამოყალიბებაში. ხანდაზმულები არ არიან მხოლოდ ზრუნვის მიმღები სუბიექტები, მათ საკუთარი გამოცდილებითა და ცოდნით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საზოგადოების კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური მდგრადობის შენარჩუნების პროცესში.

2002 წელს მიღებული მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმა დაბერების შესახებ (MIPAA) კვლავ რჩება გლობალური პოლიტიკის საყრდენად, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის ღირსეული გარემოს შექმნას ემსახურება. 2025 წელს განსაკუთრებული იმპულსი შექმნა ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 58/13 რეზოლუციის მიღებამ, რომელიც მიზნად ისახავს ხანდაზმულთა უფლებების სამართლებრივი დაცვის ახალი, სავალდებულო მექანიზმის შემუშავებას.

ხანდაზმულთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურ საკითხად იქცა ხანდაზმულთა კერძო დაწესებულებების საქმიანობა და მათი რაოდენობის ზრდა, იმ ფონზე, როცა მონიტორინგის სახელმწიფო მექანიზმი კვლავ არ არსებობს. ასეთ პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სახალხო დამცველის მიერ დაწესებულებებში მყოფ ხანდაზმულთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა.

2025 წლის ივნისში აპარატმა ხანდაზმულთა ხანგრძლივი ზრუნვის რვა დაწესებულება შეისწავლა. მონიტორინგმა გამოავლინა ხარვეზები, რომლებიც პირდაპირ აისახება ხანდაზმულთა უფლებრივ მდგომარეობასა და ღირსეულ ცხოვრებაზე და ამავე დროს სისტემურ ხასიათს ატარებს. კერძოდ,

• კერძო დაწესებულებების დაურეგულირებელი მდგომარეობა – არ არსებობს მონაცემები მათი რაოდენობის, ბენეფიციართა თუ სერვისების შესახებ;

• მხოლოდ სამედიცინო მოდელზე დაფუძნებული ზრუნვა – ბენეფიციარები განიხილებიან პაციენტებად და არა უფლებების მქონე პირებად, რაც ზრდის იზოლაციის რისკს;

• უგულებელყოფისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები – განსაკუთრებით მწოლიარე და თვითმოვლის უნარის არმქონე ხანდაზმულთა მიმართ;

• დაწესებულებების და ბენეფიციარების ჰიგიენის არასათანადო უზრუნველყოფა

• სოციალური აქტივობების ნაკლებობა – ხანდაზმულთა ყოველდღიურობა ხშირად შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური მოვლით;

• უკუკავშირის მექანიზმების არქონა – ბენეფიციარებს არ აქვთ რეალური შესაძლებლობა გამოთქვან საკუთარი აზრი ან გააპროტესტონ მომსახურება;

• პერსონალის კვალიფიკაციის სერიოზული დეფიციტი – ხშირია შემთხვევები, როცა მომვლელები არ არიან პროფესიულად გადამზადებულები.

მონიტორინგის ანგარიშში ასახული პრობლემები კიდევ ერთხელ ადასტურებს შესაბამისი მარეგულირებელი ნორმებისა და კონტროლის ეფექტური მექანიზმების არსებობის საჭიროებას, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს სავალდებულო ხასიათის საერთაშორისო დაცვის მექანიზმის პოზიტიური გავლენა მისი მიღების შემთხვევაში.

1 ოქტომბერს, ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ ხანდაზმული ადამიანები ჩვენი ისტორიისა და განვითარების განუყოფელი ნაწილი არიან და მათი ხმა, ღირსება და უფლებები ყოველთვის უნდა იყოს დაცული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები