Tbilisi Open Air-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლისის ტბის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
TbilisiOpen Air 2025-ის ფარგლებში, 24-25 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლისის ტბის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი დადგენილი სქემის მიხედვით იმოძრავებს.
კერძო ავტომობილებისთვის მოძრაობა შეიზღუდება ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით, თავად კვაჭაძის ქუჩაზე კი მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ ლისის ე.წ. წრიული გზიდან იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით.
იოსებ კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩების მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს თხინვალისა და ავთო ვარაზის ქუჩების გამოყენებით, ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებიდან კი ავტომობილები გზას ჩვეული მარშრუტით გააგრძელებენ.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N329 და N363 ავტობუსები სოფელ თხინვალის მიმართულებით ლეო კვაჭაძის ქუჩით იმოძრავებენ ცალმხრივად, უკუმიმართულებისას კი გაივლიან ავთო ვარაზის ქუჩას, რის შემდეგაც, N363 ავტობუსი დადგენილი სქემით გადაადგილდება, ხოლო N329 ავტობუსი პაატა დავითაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების გავლით, დაუკავშირდება ბერიტაშვილის ქუჩას, შემდეგ კი გზას ჩვეული სქემით გააგრძელებს.