„პარადოქსია, რომ სახელმწიფოს ფული აქვს, მაგრამ ვერ ითვისებს“
ცალკეული სამინისტროების მხრიდან აუთვისებელ ბიუჯეტთან დაკავშირებით „ეკონომიკური განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. მისი შეფასებით, „ახალი პარადოქსია, რომ სახელმწიფოს აქვს ფული, თუმცა ვერ ითვისებს“.
გოცირიძემ ერთ-ერთ მაგალითად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოიყვანა, რომელმაც ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა ვერ გახარჯა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ამ შემთხვევაში მენეჯმენტის პრობლემასთან გვაქვს საქმე: „მენეჯმენტის პრობლემაა, როცა სამინისტროს ფული აქვს, თუმცა, არ ხდება სკოლების რეაბილიტაცია. მთავრობამ უცხოური კრედიტების სახით წელს დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი უნდა აიღოს. აქედან, 600 მილიონი ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის პროექტებისთვისაა გამიზნული. ამ 600 მილიონის ნაწილი კი სწორედ იმიტომ ვერ შემოდის, რომ მთავრობა მის ხარჯვას ვერ ახერხებს. არადა, მთელი ოცი წელი სხვა პრობლემა იყო – არ გვქონდა ფული. ახლა კი პარადოქსია – გვაქვს, მაგრამ ვერ ვხარჯავთ. მაგალითად, განათლების სამინისტროს, ისევე როგორც სხვა სამინისტროებს, ბევრი აუთვისებელი თანხა დარჩათ. თუ ფული არის და ვერ ახერხებ სკოლის რეაბილიტაციას, ეს უკვე მენეჯმენტის პრობლემაა.“
გოცირიძის განცხადებით, ძალიან პარადოქსია ისიც, ვერც ერთი მუნიციპალური პროექტი დროულად ვერ სრულდება. „მუნიციპალური პროექტების 40-50 ან 60 პროცენტი არის მხოლოდ შესრულებული. არის ფულია, მაგრამ არ არის ამთვისებელი“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.