ჩანგლის ისტორია – როგორ გახდა „ეშმაკის იარაღი“ კულტურული ეტიკეტის ნაწილი

დღეს ჩანგალი სუფრის განუყოფელი ატრიბუტია, თუმცა მას, ძირითადად, ისე ვიყენებთ, რომ თითქმის არც ვიცით მისი ისტორია. ეს უბრალო ატრიბუტი ოდესღაც საყოველთაო აურზაურსა და „ეშმაკის მსახურებასაც“ კი უკავშირდებოდა.

ჩანგლის მსგავსი ორპირი ლითონის ატრიბუტები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში არსებობდა, თუმცა ისინი, ძირითადად, სამზარეულოში ან საკვების მომზადების პროცესში გამოიყენებოდა და არა უშუალოდ საკვების მისართმევად. საინტერესოა, რომ სიტყვა ჩანგალი ლათინური სიტყვა „furca-დან“ მოდის, რაც „შუბს“ ნიშნავს.

ჩანგლის სუფრაზე გამოჩენა ევროპაში ბიზანტიელი პრინცესას, თეოდორას დამსახურებაა, რომელმაც XI საუკუნეში კონსტანტინოპოლიდან ვენეციაში გადმოინაცვლა და საკუთარი ქორწილის დროს ჩანგლის გამოყენება დაიწყო. მისი ეს ქმედება მაშინდელ საზოგადოებაში ძალზე უარყოფითად იქნა მიღებული — სასულიერო პირებმა ჩანგლის გამოყენება ადამიანური სიამაყისა და ღვთისგან განდგომის სიმბოლოდ მიიჩნიეს.

თეოდორა მალევე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ხმები გავრცელდა, რომ ეს ჩანგლის გამოყენებისა და ცოდვის შედეგი იყო.

მიუხედავად უარყოფითი რეაქციებისა, ჩანგალი თანდათან დამკვიდრდა ჯერ იტალიის არისტოკრატიაში, შემდეგ კი, მთელ ევროპაში. XVI-XVII საუკუნეებში, განსაკუთრებით საფრანგეთსა და ინგლისში, ჩანგალი ხელოვნების, დახვეწილობისა და ეტიკეტის სიმბოლოდ იქცა. ლუდოვიკო XIV-ის სამეფო კარზე ჩანგლის გარეშე სუფრა არც კი იშლებოდა.

შეიცვალა არა მხოლოდ ჩანგლისადმი დამოკიდებულება, არამედ მისი ფორმაც – იშვიათად გამოიყენებოდა ორ კბილიანი ვერსია; მის ადგილს ოთხ კბილიანი, დახვეწილი დიზაინის ჩანგალი გაჩნდა, რაც უფრო მოხერხებულიც იყო და მეტად ელეგანტურადაც გამოიყურებოდა.

ამერიკაში ჩანგალი დიდი შეფერხებით შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპიდან ჩამოსული არისტოკრატები თან ატარებდნენ საკუთარ ჩანგლებს, უბრალო ხალხი მას დიდხანს უნდობლად უყურებდა. XVIII საუკუნის ბოლომდე ჩანგალი ჯერ კიდევ არ იყო ისეთი ხშირი — ადამიანები, ძირითადად, კოვზსა და დანას იყენებდნენ. მხოლოდ XIX საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა ევროპული სუფრის კულტურის ათვისება დაიწყეს, ჩანგალი ყოველდღიური მოხმარების საგნად იქცა.

დღეს ჩანგალი ათასნაირ ფორმასა და ფუნქციას იღებს – არსებობს დესერტის ჩანგალი, სალათისთვის, ზღვის პროდუქტებისთვის, თევზისთვის და ა.შ. ჩანგალი აღარ არის უბრალოდ ატრიბუტი — ის სუფრის დიზაინის განუყოფელი ელემენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები