საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში იმყოფებოდა, სადაც შეკრებილი საზოგადოების კითხვებს უპასუხა.
შეხვედრაზე მან რეგიონში მშვიდობის პოლიტიკის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.
„სამხრეთ კავკასია უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მგრძნობიარე რეგიონია. ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ რეგიონში ნებისმიერ თანამშრომლობაში. მნიშვნელოვანია მდგრადი მშვიდობის შენარჩუნება და სტაბილურობა, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ. ვაქციოთ სამხრეთ კავკასია დაკავშირებადობის რეგიონად“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მან ისაუბრა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან სამომავლო ურთიერთობებზეც.
„ჩვენ გვსურს, რომ ეს არ იყოს მხოლოდ სახელი, არამედ არსებითი სტრატეგიული პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობა, ხალხთა შორის კონტაქტი თუ პარტნიორობის სხვა მიმართულებები. საქართველო მზადაა, იმუშაოს ამ პარტნიორობისთვის, ვინაიდან აშშ მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მათ შორის – ჩვენს რეგიონში. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თანხვედრები, რომელიც გვაქვს, დაგვეხმარება ეს ურთიერთობა გავხადოთ ნამდვილად სტრატეგიული, როგორიც ეს სახელწოდებაშია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.