თეა წულუკიანი: დღეს გამოიკვეთა, რომ ბესო ხარძიანის უბედურება დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მაშინდელმა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ის მიიწვია კაბინეტში და მოსთხოვა, რომ უკანონოდ გადაეხადა 5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა
გიორგი უდესიანის დაკვეთით ხდებოდა სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლის გამოყენება იმისთვის რომ პირველი – ბესარიონ ხარძიანი მოხვედრილიყო ციხეში, მეორე – ის ყოფილიყო წამებული და შედეგი დამდგარიყო ის რაც სურდა გიორგი უდესიანს, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მედიასთან განაცხადა.
„დღეს გამოიკვეთა, რომ ბესო ხარძიანის, ბიზნესმენის უბედურება დაიწყო იმ დღიდან, 2006 წელს, როდესაც მაშინდელმა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ის მიიწვია თავისთან კაბინეტში და მოსთხოვა, რომ გადაეხადა უკანონოდ 5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა და ეს არის ის დღე, როდესაც დაიწყო ხარძიანზე ზეწოლა და დასრულდა მისი ციხეში უბედურებით და შემდეგ უკვე თავისუფლებაზე მკვლელობით“, – აღნიშნა წულუკიანმა.