თურქეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 27 იანვარს უკრაინაზე იმსჯელებენ
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ფრანგ კოლეგა ჟან-ნოელ ბაროსთან ერთად რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისა და მის მოგვარებაში ანკარის შესაძლო წვლილის, ასევე სირიის, ღაზის სექტორისა და ევროკავშირთან ურთიერთობების განხილვას გეგმავს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ TASS-ს განუცხადა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი 27 იანვარს არის დაგეგმილი.
„ფრანგ კოლეგასთან მოლაპარაკებების დროს მინისტრი ფიდანი გეგმავს ხაზი გაუსვას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. თურქეთი, თავის მხრივ, მზადაა, ნებისმიერი შესაძლო წვლილი შეიტანოს სამშვიდობო პროცესში“, – განაცხადა წყარომ.
მინისტრები ასევე განიხილავენ ღაზაში არსებულ ვითარებას. ფიდანი აპირებს აღნიშნოს, რომ „ღაზას სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზაზე გადასვლა და იმ მექანიზმების განსაზღვრა, რომლებშიც თურქეთი ჩაერთვება, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია“.
მინისტრები თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებსაც განიხილავენ.