ვახტანგ ცინცაძე: სასურსათო პროდუქციის ფასებზე მოქმედ მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც ბიზნესის თავისუფლება, ასევე იმ სოციალური ფაქტორის გათვალისწინება, რომელიც მოსახლეობას დამატებით ტვირთად აწვება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ადგილობრივი მწარმოებლების წინაშე არსებული ბარიერებისა და გამოწვევების და ამ საკითხის გადასაჭრელად კომპლექსური მიდგომის აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ადგილობრივი მწარმოებლები ქსელურ მარკეტებში შესვლის კუთხით საკმაოდ დიდ ბარიერებს აწყდებიან, რის გამოც ზოგჯერ პროდუქციის ექსპორტზე გატანას ამჯობინებენ. არსებული გამოწვევების თვალსაზრისით ვახტანგ ცინცაძემ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება.

„მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი, ბუნებრივად დაკავშირებულია გარკვეულ ბარიერებთან, მაინც ზოგიერთი ადგილობრივი მწარმოებელი პროდუქციის ექსპორტს ამჯობინებს, რადგან საკმაოდ დიდ ბარიერებს აწყდებიან ქსელურ მარკეტებში შესვლის კუთხით – მათ შორის მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელშეკრულებო პირობები და კონკრეტული პროდუქციის რეალიზების შემდგომ მათთვის საფასურის გადახდის ვადები. ვხედავთ, რომ ზოგჯერ საფასურის გადახდის მნიშვნელოვანი დაგვიანება ხდება, რისი გათვალისწინებაც  ადგილობრივ მწარმოებლებს  თავიანთ ფასწარმოქმნაში უწევთ და ეს ყველაფერი მოქმედებს ზოგადად ფასებზე“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, არსებულ სურათზე გავლენას ახდენს ზოგ შემთხვევებში ქსელური მარკეტების მხრიდან ადგილობრივი მწარმოებლების მიმართ გარკვეული სტანდარტების თუ ადეკვატური წარმოების მოცულობების მოთხოვნა, რაც, მისი შეფასებით, ლოგიკური პირობაა მარკეტების მხრიდან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება ამ კუთხით მათი და ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესთა თანხვედრა.

როგორც ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, შესაბამისად, საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და საჭიროებს მრავალმხრივ მიდგომას. მისი ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, ისევე როგორც სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია – რათა ყველა გამოწვევა სრულყოფილად იქნეს იდენტიფიცირებული და გამოძებნილ იქნეს ის მექანიზმები, რომლებიც საბოლოო ჯამში შეძლებს აღნიშნული ურთიერთობების დარეგულირებას და შედეგად ფასნამატის შემცირებას.

„ფასნამატის შემცირება არ უნდა მოხდეს ერთჯერადად, ამას სჭირდება საკმაოდ კომპლექსური ანალიზი და მუშაობა – რათა ერთი მხრივ, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უზრუნველვყოთ ბიზნესის თავისუფლება, მეორე მხრივ კი უზრუნველვყოთ იმ სოციალური ფაქტორის გათვალისწინება, რომელიც მოსახლეობას დამატებით ხარჯად აწვება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები