გურიაში სახელმწიფო რწმუნებული: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მუშაობს სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია – ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, უზრუნველყოფილნი იქნებიან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით
„სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო ის მოქალაქეები, რომელთაც საცხოვრებელი დაკარგეს, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით იქნებიან უზრუნველყოფილი,”- ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ურუშაძე აცხადებს.
მისი თქმით, ინტენსიურად იწმინდება შიდა სასოფლო და საუბნო გზები.
„გურიის რეგიონში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია, ყველა სოფელთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა სრულად გავლადია. გრძელდება საკვები პროდუქტების და მედიკამენტების დარიგება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამის საჭიროება გააჩნიათ. მთელი რეგიონის მასშტაბით სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აქტიურად მუშაობს სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი შესაბამისი კომისია და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს მათ აღდგენას. ხოლო ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, უზრუნველყოფილნი იქნებიან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.