ოთარ გრიგოლია სტრასბურგში ვიზიტზე: „ჩვენ გვჭირდება სრულფასოვანი პარტნიორობა და არა დამრიგებლური დამოკიდებულება“
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, კოლეგებს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში თბილისის საკრებულოს დელეგაციის მონაწილეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. მისივე ინფორმაციით, 10 თებერვალს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც კონგრესის ბიურო საქართველოს ხელისუფლებას განმეორებითი არჩევნების ჩატარებისა და ადგილობრივი არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებს. ოთარ გრიგოლიას თქმით, საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა ქვეყნის კონსტიტუციით არის განსაზღვრული და იგი დათქმულ ვადაში ჩატარდება. არჩევნების გადადების მოთხოვნა კი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
„ჩვენ გვქონდა საკმაოდ მწვავე დებატები ამ თემაზე. თბილისის საკრებულოს დელეგაციამ დააფიქსირა, რომ 2025 წლის არჩევნები საქართველოში კონსტიტუციით არის განსაზღვრული და მსგავსი მოთხოვნის და რეკომენდაციის წამოყენება არის საქართველოს კონსტიტუციის უპატივცემულობა და ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა. აქტიურად ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენს კოლეგებს ბევრი არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მეტად გარკვეულიყვნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის რიტორიკა, რომლითაც ევროპელი კოლეგები თავიდან გამოირჩეოდნენ დებატებზე, საბოლოო ჯამში უფრო მომრიგებლური და კონსტრუქციული განწყობით შეიცვალა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ურთიერთპატივისცემის საფუძველზე იქნება ჩვენი თანამშრომლობა აგებული, რადგან ჩვენ გვჭირდება სრულფასოვანი პარტნიორობა და არა დამრიგებლური დამოკიდებულება“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი დასავლეთ საქართველოში სტიქიის მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოებსაც გამოეხმაურა.
„სტიქიის დროს პრობლემები შეიქმნა, თუმცა საკოორდინაციო საბჭო და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩაბმული მასთან გამკლავების პროცესში“, – დასძინა ოთარ გრიგოლიამ.