საქართველოს და ალბანეთის პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და ევროკავშირში წევრობის პროცესები განიხილეს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და კომიტეტის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე, ალბანეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯორიდა ტაბაკუს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ალბანეთის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. ისაუბრეს ორი ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და შემდეგ წლებში დაგეგმილ რეფორმებზე. ლევან მახაშვილმა აღნიშნა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში ალბანეთის მიერ მიღებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.
საუბარი აგრეთვე შეეხო ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ შესაძლებლობებს, ნატოსა და საერთაშორისო მრავალმხრივი პლატფორმების ფარგლებში თანამშრომლობას. ალბანეთის მხარემ გამოხატა საქართველოს რეფორმების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების სურვილი.
მხარეები შეთანხმდნენ საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიების გამართვაზე, მათ შორის, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ალბანეთში დედაქალაქ ტირანაში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების 21-ე კონფერენციის (COSAP) ფარგლებში იმყოფება.