დავით მათიკაშვილი: ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი კონკრეტულად როდის გავა პარლამენტის სესიაზე, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის

“ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი კონკრეტულად როდის გავა პარლამენტის სესიაზე, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი განცხადებით მიმართეს.

„ბარიერგადალახული პარტიებიდან სამმა პარტიამ არ ისარგებლა იმ მანდატით, რომელიც მას საზოგადოებამ, მათმა მხარდამჭერებმა მიანიჭეს. მათ პარლამენტს მიმართეს შესაბამისი განცხადებით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საპროცედურო და წესების კომიტეტს გააჩნია ვალდებულება შეისწავლოს ეს განცხადება, დაადგინოს ნების გამოხატვის ნამდვილობა, რომ ამ პირებმა ნამდვილად თავისუფლად გამოხატეს ნება და უარი განაცხადეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებაზე. შესაბამისად, ეს არის ფორმალურ-პროცედურული საკითხი, რომელიც საპროცედურო საკითხზე და წესების კომიტეტზე იქნა შესწავლილი დღეს.

ეს ფორმალურ-პროცედურული საკითხი კომიტეტზე გადაწყდა. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს, ეს საქართველოს პარლამენტის სესიის მიერ გადაწყდება, რაც იქნება საზოგადოებისთვის საჯაროდ ცნობილი. კონკრეტულად როდის, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები