ირაკლი ღარიბაშვილმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მშენებარე შენობა დაათვალიერა
უძველეს მარანში ღვინის ეროვნული სააგენტო და მუზეუმი განთავსდება. პრესსამსახურის ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოფისის გახსნის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მშენებარე შენობა დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ახალი შენობის კონცეფციას გაეცნო.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პრემიერს განუმარტა, რომ შენობა, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტო განთავსდება, უძველესი მარანია და ის 1962 წელს საქართველოში გამართული ღვინის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში აშენდა. მარანში არსებობს ენოთეკაც, სადაც სხვადასხვა სახეობის 25 000 ბოთლი ღვინო ინახება. მათ შორის ყველაზე ძველი ღვინო 107 წლისაა.
როგორც პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ სარდაფის სართულზე დაგეგმილია სამუზეუმო სივრცის მოწყობა. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ენოთეკასაც, სადაც უნიკალური ჯიშის ქართული ღვინოები ინახება.
მათივე ინფორმაციით, პირველ სართულზე სააგენტოს თანამშრომლებისთვის სამუშაო სივრცე მოეწყობა. ასევე განთავსდება დეგუსტატორების გადამზადების ცენტრი, დიდი და მცირე საკონფერენციო დარბაზი, მარანი, სადეგუსტაციო დარბაზი და ღვინის ლაბორატორია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. შენობის მეორე სართულზე კი განთავსდება მეღვინეობის სასწავლო ცენტრი – კომპიუტერული კლასით, კაბინეტებითა და ბიბლიოთეკით.