ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის (WCO) 180-ზე მეტ წევრ ადმინისტრაციასთან ერთად, 27 იანვარს საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სიჭინავამ.

„წელს საბაჟოს საერთაშორისო დღის სლოგანია – ,,საბაჟო უზრუნველყოფს ეფექტურობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას”. საზეიმო ღონისძიება თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართა.

სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატები გადაეცათ საბაჟო დეპარტამენტის 20 მებაჟე ოფიცერს. ამასთან, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატი გადაეცა საქართველოს პირველი არხის გადაცემას – ,,ბიზნესპარტნიორი“, რომლის მსვლელობისას, უწყების წარმომადგენლები საუბრობენ შემოსავლების სამსახურის აქტუალური/საინტერესო თემების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია გადასახადის გადამხდელთა ცნობიერების ამაღლებისთვის. აღნიშნული რუბრიკის მიზანია საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულებისა და სამართალდარღვევათა პრევენციის მხარდაჭერა და რაც მთავარია, სამოქალაქო საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საქმიანობის/სერვისების შესახებ.

შემოსავლების სამსახური თითოეულ მებაჟე ოფიცერს და მსოფლიო საბაჟო საზოგადოებას ულოცავს პროფესიულ დღეს.

საქართველო მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 1993 წლიდანაა და ქვეყნის მასშტაბით, საბაჟო დეპარტამენტში 1876 თანამშრომელი მუშაობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები