“მინდა, ევროპარლამენტარ ბიუროკრატებს და ჩვენს საზოგადოებასაც შევახსენო, რომ ევროკავშირში ტრამპის ძირითადი მოკავშირე უნგრეთი უნდა იყოს” – მაჭავარიანი
“უნგრეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ფურცელზე არაა, არამედ რეალურად არის გამოხატული ჩვენს ურთიერთობასა და ნაბიჯებში, რომლებსაც უნგრეთი ჩვენს მხარდასაჭერად დგამს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ორბანი არის პიროვნება, რომელიც არჩევნებიდან სულ რამდენიმე დღეში საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა და მმართველ გუნდს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„უნგრეთი არის ქვეყანა, რომელსაც ასე ლანძღავენ ჩვენი ოპოზიციონერები და ძალიან ბევრი ბიუროკრატი ევროკავშირიდან, ორბანს რუსეთის აგენტს ეძახიან. თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვინც ემსახურება და ქვეყნის სუვერენიტეტს პირველ პლანზე წევს, რატომღაც მას რუსეთუმეს ეძახიან. მინდა, ევროპარლამენტარ ბიუროკრატებს და ჩვენს საზოგადოებასაც შევახსენო, რომ ევროკავშირში ტრამპის ძირითადი მოკავშირე უნგრეთი უნდა იყოს. ეს მისი სიტყვებია და ისიც ყველასთვის ცნობილია, როგორი მეგობრული ურთიერთობა აქვს. ორბანი არის პიროვნება, რომელიც არჩევნებიდან სულ რამდენიმე დღეში საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა და არჩევნებში გამარჯვება მოგვილოცა. შესაბამისად, გეოპოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება. ის, რომ უაპელაციო ბრალდებები იყო ამდენი წლის განმავლობაში არა მხოლოდ ჩვენთან და უნგრეთთან მიმართებით, არამედ, ზოგადად, ნებისმიერ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკას ატარებდა, ეს ყველაფერი შეიცვლება, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკას უკვე ჰყავს ახალი ადმინისტრაცია, რომელიც ეროვნული ადმინისტრაციაა და თავისი სუვერენიტეტის გამყარებისკენ არის ორიენტირებული“, – განაცხადა მაჭავარიანმა.