“მზია ამაღლობელის მდგომარეობას შესაბამისი უწყებები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან” – ლევან მაჭავარიანი

“მზია ამაღლობელის მდგომარეობას შესაბამისი უწყებები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან – თუ იქნება აუცილებლობა კლინიკაში გადაყვანის, ან სხვა ტიპის სამედიცინო ჩარევის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც ის ამბობს, მმართველი გუნდი ყველას ჯანმრთელობას აკვირდება.

“რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით აკვირდებიან შესაბამისი უწყებები მის მდგომარეობას და თუ იქნება აუცილებლობა კლინიკაში გადაყვანის, ან სხვა ტიპის სამედიცინო ჩარევის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება. როგორც გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, ქალბატონი ამაღლობელის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან ის უწყებები, რომელსაც ეხება, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინაიდან ჩვენთვის ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მნიშვნელოვანი. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის ოპოზიციონერია, რადიკალი, თუ რაღაა კონკრეტული ოპოზიციური მედიის წარმომადგენელი. ყველას ჯანმრთელობას ჩვენ ვუფრთხილდებით, ეს არის ჩვენი ვალდებულება როგორც სახელმწიფოსი. რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილებას სასამართლოს მხრიდან და ა.შ. – ეს ჩემი კომპეტენციის სფერო არ არის, მე ვერ შევაფასებ სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამართლიანი თუ არა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ პირდაპირ კადრებში ვიხილეთ, როგორ გააწნა სილა ქალბატონმა მზია ამაღლობელმა პოლიციელს და პოლიციამ მაღალი სტანდარტით იმოქმედა და მოხდა მხოლოდ მისი დაკავება, განსხვავებით ძალიან წარმატებული ქვეყნებისა, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ., სადაც ასეთი კადრი რომ გვეხილა, ჩემი პირადი ვარაუდია, იქ პოლიცია გაცილებით მკაცრად იმოქმედებდა,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები