ვლადიმერ ბოჟაძე – ჩვენ გავბედეთ და მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ალბათ მათთვის ყველაზე რთული იყო ის კანონმდებლობა, რომელიც ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით მივიღეთ და დავალება მოგვცა მილიონამდე ქართველმა

„ნებისმიერი ზეწოლა, სანქცია და მუქარა უკავშირდება შანტაჟს, როგორმე დავთმოთ ჩვენი პოლიტიკა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ბუნებრივია, ამას არ გავაკეთებთ,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძე გამოეხმაურა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, ქართველი დიპლომატებისა და მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს. მისი თქმით, ნებისმიერი ასეთი ზეწოლა, სანქცია და მუქარა უკავშირდება შანტაჟს, როგორმე დავთმოთ პირობები, ჩვენი პოლიტიკა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

„ევროკავშირმა სხვა სანქციებზე შეთანხმება ვერ მოახერხა, რადგან ეს 27-ე სახელმწიფოს გადაწყვეტილებას და თანხმობას მოითხოვდა, თუმცა მოხერხდა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. იქ საჭირო არ არის კვალიფიციური უმრავლესობა, დავესაჯეთ მხოლოდ იმის გამო, რომ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. ჩვენ გავბედეთ და მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ალბათ მათთვის ყველაზე რთული იყო ის კანონმდებლობა, რომელიც ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით მივიღეთ და დავალება მოგვცა მილიონამდე ქართველმა, რომელიც 17 მაისს ოჯახის სიწმინდის აღსანიშნავად საქართველოს ყველა რეგიონში გამოვიდა. იგივე კანონმდებლობა უკვე მიიღო, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებიც იმავეს გაკეთებას აპირებენ. ამის გამო სჯიან იმ ადამიანებს, ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, ვინც ეს მივიღეთ. ნებისმიერი ასეთი ზეწოლა, სანქცია და მუქარა უკავშირდება შანტაჟს, როგორმე დავთმოთ პირობები, ჩვენი პოლიტიკა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ბუნებრივია, ამას არ გავაკეთებთ. პირიქით, ნებისმიერი ასეთი მცდელობა ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, უფრო უკეთ ვემსახუროთ ჩვენ ხალხს და ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

კითხვაზე, რას ცვლის ევროკავშირის გადაწყვეტილება პრაქტიკაში, ბოჟაძემ აღნიშნა:

„ჩემი ინფორმაციით, ბევრს არაფერს შეცვლის. პარლამენტის წევრებს და თანამდებობის პირებს აქვთ როგორც დიპლომატიური პასპორტი, ასევე ჩვეულებრივი პასპორტები. მანამდე, როგორც რიგითი მოქალაქე, ქვეყნის გარეთ გადავადგილდებოდი და მომავალშიც ასე გავაგრძელებ. ამის საშუალება დიპლომატიური პასპორტებით თუ არ მოგვეცემა, არ მოგვეცემა. მთავარია არა ის, რა შედეგი დადგება და ჩვენთან მიმართებით რა შეზღუდვა იქნება, არამედ დამოკიდებულება, რომელიც გამოჩნდა. მუდმივად ვსაუბრობდით, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით მივდივართ ევროკავშირისკენ. ზეწოლა, რომელიც უკავშირდებოდა გამჭვირვალობის შესახებ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს, ძირითადი მიზეზები იყო, რითაც უნდოდათ, ჩვენზე ზეწოლა მოეხდინათ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები