ლაშა მარგიშვილი: ENQA-ს წევრობა „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ არ შეჩერებია
“ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის – ENQA-ს წევრობა „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ არ შეჩერებია“,- ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“ არის ENQA-ს სრული წევრი ორგანიზაცია და მათი პროტოკოლისა და პროცედურების მიხედვით, როდესაც ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო შეუსაბამობას იღებს ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით, ასოციაცია არ რიცხავს თავის სრულ წევრებს და მათ აძლევს დაახლოებით 2-წლიან ვადას, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშაოს. რეკომენდაციების ნაწილი, რომელიც ეხებოდა ცენტრის დამოუკიდებლობას, გათვალისწინებულია, თუმცა რჩება გარკვეული რეკომენდაციები, რომელზეც ვაპირებთ რომ ვიმუშაოთ“, – აღნიშნა ლაშა მარგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა. რეგისტრაციის შეჩერება EQAR-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა ასახული. EQAR-ის ვებგვერდის თანახმად, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აქტივობები ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პრინციპების (ESG) ფარგლებში მოიცავდა: საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ერთობლივი პროგრამების აკრედიტაციას, უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ავტორიზაციას (ან ხელახლა ავტორიზაციას) და ევროპულ მიდგომას ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველსაყოფად.