გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ხელისუფლება რომ უკან დახევას არ აპირებს, დღესაც გამოჩნდა, როცა ვახტანგ გომელაური ვიცე პრემიერად დაინიშნა – რისი იმედია აქვს ოპოზიციას?

ოპოზიცია არის 29 დეკემბრის და კალასის იმედად, როცა განაცხადა, რომ ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, თუმცა ეს მოლოდინიც ვფიქრობ, ილუზორულია, როგორც ეკონომიკის ჩამოშლის და სანქციების არასწორი მოლოდინები, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რომ უკან დახევას არ აპირებს, დღესაც გამოჩნდა, როცა ვახტანგ გომელაური ვიცე პრემიერად დაინიშნა.

“აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ოფიციალურ პირებზე, განსაკუთრებით შსს-ის ხელმძღვანელებზე, სანქციების შემოღება, ადასტურებს 20 იანვრამდე პერიოდის აქტუალობას. სააკაშვილის და გახარიას მხრიდან  ამ თარიღის ერთგვარ წყალგამყოფად დასახელებაც არ იყო შემთხვევითი. როგორც ჩანს, ამ პროცესების კვანძიც სწორედ იანვრის ბოლოს გაიხსნება.

საქართველოს ხელისუფლება რომ უკან დახევას არ აპირებს, დღესაც გამოჩნდა, როცა ვახტანგ გომელაური ვიცე პრემიერად დაინიშნა.

რისი იმედია აქვს ოპოზიციას? და რამდენად რეალურია ხელისუფლების იძულება დანიშნოს ახალი არჩევნები?! აქ შეიძლება ორი ფაქტორი გამოიყოს: საერთაშორისო სანქციები და ეკონომიკა.

1. დავიწყოთ ეკონომიკით, ანუ ამ პერიოდში პერმანენტული პროტესტი რამდენად იქონიებს ზეგავლენას ეკონომიკაზე.

აქ პირველ რიგში სახელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსალოდნელი მკვეთრი შემცირება, რაც ისედაც შემცირებული მაჩვენებლიდან გამოდის. თუმცა მესამე კვარტალში მისი დაბალი მაჩვენებელი დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან ანუ კომერციული ბანკების და ცალკეული ბიზნეს სუბიექტების მხრიდან წინა პერიოდებში აღებული სესხების და სავაჭრო კრედიტების გასტუმრებასთან, რამაც 292 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ მომავალ კვარტლებშიც იგივე ტენდენცია ექნება. საინვესტიციო ბალანსის ეს კომპოზიტი, რომ პოზიტიური ყოფილიყო, მესამე კვარტლის მაჩვენებელი სულ მცირე 490 მლნ აშშ დოლარი იქნებოდა და მეტი იქნებოდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც(440 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, მიუხედავად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებისა,  მნიშვნელოვანი წილი ზრდაში მოხმარების კომპონენტმა შეიტანა, მთლიანი ზრდის რეალურ გამოსახულებაში 18.3 პროცენტული პუნქტის წვლილით. მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა წმინდა ექსპორტის კომპონენტსაც, 1.3 პროცენტული პუნქტით.

როგორც ვხედავთ, ეკონომიკა აღარ არის დამოკიდებული რომელიმე ერთ ფაქტორზე, თუნდაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. იგი ფუნქციონირებს მრავალფაქტორულ მოდელში და იმედები პუი-ს შემცირებით ეკონომიკური ზრდის ზეგავლენაში ზედმეტად გადაჭარბებულია.

2. პროცესების ზეგავლენა სავალუტო კურსზე, რასაც ოპოზიციური საექსპერტო წრე აპელირებდა, განსაკუთრებით საერთაშორისო რეზერვების ხარჯვის მიზანშეწონილობით. ეს ფაქტორიც ზედმეტად გადაჭარბებული აღმოჩნდა. მართალია, ამ პერიოდში სექტემბრიდან მოყოლებული სებ-მა 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა სავალუტო ინტერვენციებზე, მაგრამ სებ-ის პოლიტიკა სწორი აღმოჩნდა, კურსი დღეს სტაბილურია და შესაბამისად, უარყოფითი, მოლოდინების ზეგავლენაც ფაქტიურად ამოწურულია.

მართალია, კრიზისებისას მოსახლეობა ნაკლებ ხარჯვაზე გადადის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ახალი წლის პერიოდს, ეს ნაკლებად არის მოსალოდნელი. ეს საცალო ვაჭრობასაც ეხება, შიდა ტურიზმსაც და საახალწლო საჩუქრებსაც.

3. ასევე ზედმეტად გადაჭარბებულია ოპოზიციის მოლოდინები 1500 ბიზნეს-სუბიექტის პროტესტზეც, რაც აქტიური ბიზნეს სუბიექტების მხოლოდ 0. 5 %-ია, ხოლო მცირე ბიზნეს სუბიექტების 2.5 %, რადგან 271,427 აქტიური ბიზნეს-სუბიექტია ქვეყანაში. მეტად საეჭვოა უახლოეს ერთთვიან პერიოდში მათი რაოდენობა თვისობრივად გაიზარდოს, მიუხედავად ორი მსხვილი ბანკის მხრიდან 5 მილიონიანი საკრედიტო ხაზის გამოყოფისა და მათი დახმარების სოლიდარული ფონდის შექმნისა.

პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 45.6 პროცენტი, საშუალოზე – 24.2 პროცენტი, ანუ ჯამურად 80 %-მდე, ხოლო მცირე ბიზნესზე – 30.2 პროცენტი. ქვეყანაში ყველაზე დიდი დამსაქმებელი პროცენტულადაც ბიზნესის ეს სეგმენტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.7 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4 პროცენტი – საშუალოზე, და მხოლოდ 36.9 პროცენტი – მცირე ბიზნესზე, იმ შემთხვევაშიც კი, თეორიულად მცირე ბიზნესი სულ რომ გაიფიცოს.

ამ დანაკარგის კომპენსაციას ხელისუფლება უმტკივნეულოდ გადაწყვეტს, რაც უკვე ისედაც დაანონსებულია – ნავთობპროდუქტებზე ან სათამაშო ბიზნესზე გადასახადების გაზრდით.

ფაქტიურად ოპოზიცია მცირე ბიზნესს კვებავს ცრუ მოლოდინებით და ფაქტიურად სწირავს გაკოტრებისათვის, რადგან ვერანაირი თუნდაც  სესხების პროლონგაცია ამ ფინანსურ ზარალს უბრალოდ ვერ დააკომპენსირებს.

4. რაც შეეხება სანქციებს. 25 დეკემბრიდან საერთაშორისო პოლიტიკაში ისედაც ორკვირიანი საახალწლო შესვენება იწყება. ამიტომ, აშშ-ის დღევანდელი პრაქტიკულად, უკვე წასული ადმინისტრაციის პირობებში, საეჭვოა, ეს სანქციები 20 იანვრამდე იმდენად დამძიმდეს, რომ მოიცვას არა მხოლოდ ცალკეული თანამდებობის პირებისთვის ფინანსური და ეკონომიკური სანქციების დაწესება, არამედ კონკრეტული უწყებების, ორგანიზაციების და კერძო კომპანიებისთვის ანგარიშების, ქონების და აქტივების გაყინვა ან ჩამორთმევა.

ერთადერთი რამაც ეკონომიკაზე ზეგავლენა შეიძლება იქონიოს არის თუ სანქცია შეეხება მსხვილ ბიზნესმენებს და ისიც იმ შემთხვევაში თუ ბანკების დაუმორჩილებლობა ფინანსური სანქციების მიმართ გამოიწვევს SWIFT-ის გათიშვას, რასაც ქვეყნიდან უცხოური კაპიტალის გატანა მოჰყვებოდა, და რაც კიდევ უფრო არარეალურია, ხოლო თუ ფინანსური სანქციები შეეხება მხოლოდ სამართალდამცავებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეს ფაქტი ეკონომიკაზე შედარებით ნაკლებ გავლენას მოახდენს.

ოპოზიცია კი არის ამ ფაქტორებთან ერთად, 29 დეკემბრის და კალასის იმედად, როცა განაცხადა, რომ ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, თუმცა ეს მოლოდინიც ვფიქრობ, ილუზორულია, როგორც ეკონომიკის ჩამოშლის და სანქციების არასწორი მოლოდინები!”, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები