მდინარაძე – ზურაბიშვილზე: სკამზე ჩაბღაუჭების ეს ფორმა ცივილურ სამყაროს არ ახსოვს – ალბათ თვითონვე მიხვდება, რომ არ არის ეს ნორმალური ადამიანის საქციელი

“სკამზე ჩაბღაუჭების ეს ფორმა ცივილურ სამყაროს არ ახსოვს. ალბათ თვითონვე მიხვდება, რომ არ არის ეს ნორმალური ადამიანის საქციელი”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, რა მოხდება პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავად თქვა, რომ „არსად წასვლას არ აპირებს“.

მდინარაძე იმედოვნებს, რომ ზურაბიშვილი არ ჩაიდენს დანაშაულს და არ შეიჭრება პრეზიდენტის სასახლეში.

„ზურაბიშვილს იმ ადამიანებმაც გადაუსვეს ხაზი, ვინც მისი პატრონის თხოვნებით, დავალებით თუ მითითებით, რაღაც მესიჯებს ახმოვანებდნენ ამდენი ხნის განმავლობაში. დღეს, პირველად გაჩნდა მათ ვორდინგში ექსპრეზიდენტი. კალასმა ახსენა და ის პირველი იყო, რომ 29-მდეა ის პრეზიდენტი, ამიტომ ვისი იმედიც ყველაზე მეტად ჰქონდა, მათაც კი ხაზი გადაუსვეს და მიანიშნეს, რომ შენ ხარ პრეზიდენტი 29-მდე.

ის ილუზიები და სკამზე ჩაბღაუჭება, რომლის პრეცედენტი სხვაგან არსად არ ყოფილა, რასაც სალომე ზურაბიშვილი კადრულობდა ბოლო დღეების განმავლობაში „მე არსად არ მივდივარ“ და რაღაცებს, რომ ლაპარაკობდა, სკამზე ჩაბღაუჭების ეს ფორმა ცივილურ სამყაროს არ ახსოვს. ალბათ, თვითონვე მიხვდება, რომ არ არის ეს ნორმალური ადამიანის საქციელი და მისი ემოციური ფონიდან გამომდინარე შეძლებს, თავი ხელში აიყვანოს და მოხდეს ეს ყველაფერი ცივილიზებულ ფორმებში. სხვა შემთხვევაში არ მგონია, რომ დანაშაულზე წავიდეს და შეიჭრას პრეზიდენტის რეზიდენციაში და აქ გარკვეული რისკები შეუქმნას თავის თავს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები