“ნაცებს“ და მათ ირგვლივ მოხეტიალე აგენტებს ეძახიან ევროპელებს და ჩვენ რუსებს – ტვინები აქვთ ოკუპირებული” – მამუკა მდინარაძე
“არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ უნდა იბრძოლონ იმისთვის, რომ ძაღლს არ ერქვას „საბაკა“. ასეთი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ არიან და დააავადმყოფეს ადამიანები პირდაპირი გაგებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ოპონენტებმა საზოგადოების ამ ნაწილის ტვინების ოკუპაცია მოახდინეს”.
„ოჯახებში ცოლ-ქმარს, დედმამიშვილებს, და-ძმებს, მშობლებსა და შვილებს შორის შეიტანეს დაპირისპირება – ვიღაცას სჯერა, რომ, ვინც ევროპულ გზაზე საქმით დადის, ის რუსია და ვინც ამის საწინააღმდეგოდ დადის – ის არის პროევროპელი. “ნაცის” პროევროპელობის სჯერათ ადამიანებს და ჩვენ გვეძახიან რუსებს. „ნაცებს“ და მათ ირგვლივ მოხეტიალე აგენტებს ეძახიან ევროპელებს და ჩვენ გვეძახიან რუსებს. ამ შედეგებამდე მიიყვანეს ადამიანების ტვინები და რომ ვამბობთ, ტვინები აქვთ ადამიანებს ოკუპირებული – ამას ვგულისხმობ, შეურაცხყოფას კი არავის არ ვაყენებ. რეალურად, ამასთან გვაქვს საქმე, რომ ადამიანების ტვინებში, ამ თავისი ტვინების რეცხვით, გარე რესურსის დახმარებით, ისე შეაღწიეს, რომ სერიოზულად ლაპარაკობენ ვიღაცები, რომ ბებიას „ბაბუშკა“ ვერ ერქმევა, ძაღლს „საბაკა“ ვერ ერქმევა და რუსეთს ებრძვიან რუსთაველზე“, – აღნიშნა მდინარაძემ.