ლევან მახაშვილი: დიპლომატიურ პასპორტებთან ერთად, ყველას გვაქვს ჩვეულებრივი პასპორტები, ამიტომ აქ რაიმე ტიპის პრობლემა, რომ მაგალითად, შეხვედრებზე ვერ წახვალ, არ არსებობს
“დიპლომატიურ პასპორტებთან ერთად, ყველას გვაქვს ასევე ჩვეულებრივი პასპორტები, ამიტომ აქ რაიმე ტიპის პრობლემა, რომ მაგალითად, შეხვედრებზე ვერ წახვალ, არ არსებობს”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი ლევან მახაშვილი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას.
მისი შეფასებით, აღნიშნული სიმბოლური ნაბიჯია.
„საბოლოო ჯამში, ევროკავშირის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის გუშინდელი გადაწყვეტილება იყო ისეთი, რასაც ქართული მხარე ელოდა. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ევროკავშირი არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, საიდანაც შემდეგ ნორმალურ, ჯანსაღ ურთიერთობებში დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა. ასეც მოხდა. რაც შეეხება დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო რეჟიმის შეზღუდვას – რეალურად, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ევროკომისიას შესაბამისი სათანადო სამართლებრივი საფუძვლების მოძიება დაევალა. საზოგადოებას რომ შევახსენოთ, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო გადაადგილება არ არის ვიზალიბერალიზაციის ნაწილი. სამართლებრივად, ეს ცალკე ხელშეკრულებით რეგულირდება ორ მხარეს შორის, ამიტომ ევროკომისიას დაევალა იმ ხელშეკრულების გადახედვის მომზადება და არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივი საფუძვლების წარმოდგენა. ევროკავშირის საბჭო მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდება ამ საკითხს და კვლავ მიიღებს კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილებას. ბიუროკრატიული პროცესია, გრძელვადიანი. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებები ამ თემაზე მიღებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სიმბოლური გადაწყვეტილება, უფრო პოლიტიკური შეფასება, ვიდრე რეალური გადაწყვეტილება. ეს არანაირად არ ეხება ვიზალიბერალიზაციას, ან ჩვეულებრივ პასპორტებს საფრთხე არ ემუქრება. დიპლომატიურ პასპორტებთან ერთად, ყველას გვაქვს ასევე ჩვეულებრივი პასპორტები, ამიტომ აქ რაიმე ტიპის პრობლემა, ან შეხვედრებზე ვერ წახვალ, ან შეზღუდვა იქნება, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ეს არის უფრო სიმბოლური ნაბიჯი, ვიდრე რეალური პრაქტიკული ნაბიჯი. გათვლა აქ რეალურად რაც იყო არის ის, რომ რაღაც გადაწყვეტილება მაინც უნდა მიეღოთ, რომ მთლად შედეგის გარეშე არ დარჩენილიყო ეს სამიტი,” – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, რის საპასუხოდაც, ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა და ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს.