“ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს დემონსტრაციებზე ნიღბების აკრძალვა, რაც პრევენციას ემსახურება, რომ ძალადობის შემთხვევაში, სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება მოხდეს” – მდინარაძე

“ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს დემონსტრაციებზე ნიღბების აკრძალვა, რაც პრევენციას ემსახურება, რომ ძალადობის შემთხვევაში, სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება მოხდეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ასე აშინებენ დემონსტრანტებს გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ბელგიაში, დანიაში, საბერძნეთში, ევროპის უმეტეს ქვეყანაშია მსგავსი აკრძალვები, რაც მხოლოდ და მხოლოდ პრევენციას ემსახურება, რომ ძალადობის შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება მოხდეს. ამ მიზნიდან გამომდინარე, ქართული კანონპროექტიც შემუშავდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება პიროტექნიკის საკითხს, მამუკა მდინარაძე აცხადებს, როდესაც პოლიციელს და სამართალდამცველს პიროტექნიკას სახეში ესვრიან, კანონი უნდა არსებობდეს.

„კანონი იმისთვის არის და მოქნილი უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანო, რომ როდესაც სახეში ესვრიან პოლიციელს და სამართალდამცველს პიროტექნიკას, ცეცხლს და მძიმე დაზიანებებს იღებენ პოლიციელები, მართალია ამას არავინ არ გმობს, გარდა იმ ხალხისა, ვინც ოდნავ მაინც ობიექტურად ფიქრობს. სუბიექტურად მოფიქრალი ბევრი ვნახეთ ამ ქვეყანაში, შესაბამისად, გამოწვევა დგება დღის წესრიგში, რომ ამისგან უნდა დავიცვათ სახელმწიფოც, პოლიციელიც და ის ხალხი, რომლებიც თავის სამშობლოს და სახელმწიფოს რეალურად ემსახურებიან. მაგრამ აქ სამშობლოს მსახურებაში არ არის მარტო საქმე. ჩვენი სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე პიროტექნიკა არ ყოფილა საფრთხის შემცველი, თურმე აზიანებს, ის დამწვრობა სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, ეს მოგვჩვენებია ყველას და თურმე არაფერი არ არის. რეალურად კი ეს ადამიანები შეიძლება წარუშლელი იარებისთვის გაწირეს. შესაბამისად, ამას დაცვა სჭირდება. ბუნებრივია, ამ გამოწვევის შესაბამისად პარლამენტიც მიიღებს შესაბამის ნორმას“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები