არჩილ გორდულაძე: იმისთვის, რომ ადამიანები არ ამოეფარონ ნიღბებს და ამით თავი არ დაიგულონ რომ გართულდება მათი იდენტიფიცირება, მიზანშეწონილია ნიღბები გამოყენებული არ იყოს
“ქართული ოცნების” წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საპროტესტო აქციებზე კანონდარღვევისას, ადამიანები არ ამოეფარონ ნიღბებს და ამით თავი არ დაიგულონ რომ გართულდება მათი იდენტიფიცირება, მიზანშეწონილია ნიღბები გამოყენებული არ იყოს.
“შესაძლოა შეკრებების დრო კანონდარღვევას ჰქონდეს ადგილი და ამ კანონდარღვევის პრევენციისთვის, იმისთვის, რომ ადამიანები არ ამოეფარონ ნიღბებს და ამით თავი არ დაიგულონ რომ გართულდება მათი იდენტიფიცირება, მიზანშეწონილია ნიღბები გამოყენებული არ იყოს და აკრძალული იყოს შეკრებების და მანიფესტაციების დროს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირია გამოყენებული ლაზერების ე.წ. სანათების გამოყენება შეკრებების დროს, რომელიც თავის მხრივ წარმოშობს პრობლემას იმ ორგანოების საქმიანობის მიმართ, რომელთა პასუხისმგებლობაც არის ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. გთავაზობთ, რომ ლაზერებიც არ იყოს დასაშვები შეკრებების დროს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საპროტესტო აქციებზე ნიღბის ტარება აიკრძალება.