მეთიუ მილერი: ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საქართველოს პასუხისმგებლობის დასაყენებლად, მათ შორის, ახალი სანქციების დაწესებას
ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება იმ მიმართულების ცვლილების გამო, რომელიც საქართველოს მთავრობამ აირჩია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საქართველოს პასუხისმგებლობის დასაყენებლად, მათ შორის, ახალი სანქციების დაწესებას.
„როგორც იცით, მე არ ვისაუბრებ პოტენციურ სანქციებზე, რომელთა დაწესებასაც ვაპირებთ ქართველი თანამდებობის პირების ან საქართველოში მყოფი კონკრეტული პირების მიმართ. ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება იმ მიმართულების ცვლილების გამო, რომელიც საქართველოს მთავრობამ აირჩია. თქვენ ნახეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება გასულ კვირას, სადაც მან ნათლად განმარტა, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საქართველოს პასუხისმგებლობის დასაყენებლად ამ ნაბიჯებისთვის, მათ შორის, ახალი სანქციების დაწესებას. რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ამისთვის მოგიწევთ, დაელოდოთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას“, – განაცხადა მილერმა.