რატი იონათამიშვილი: ადგილობრივმა აგენტურამ ბოლო ეტაპის განხორციელება დაისახა მიზნად, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები დაიღუპონ, შემდეგ ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას და ამის საფუძველზე გადატრიალების სცენარი განახორციელონ
ადგილობრივმა აგენტურამ ბოლო ეტაპის განხორციელება დაისახა მიზნად, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები დაიღუპონ, შემდეგ ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას და ამის საფუძველზე გადატრიალების სცენარი განახორციელონ – დარწმუნებული ვარ ეს არ გამოუვათ, – ამის შესახებ „იმედი LIVE-ში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მანვე მოუწოდა საზოგადოებას, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში იყვნენ ძალიან ყურადღებით, ფხიზლად.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ამოცანაა მოახდინოს პრევენცია მძიმე შემთხვევისა და დანაშაულის. ჩვენს საზოგადოებას სუსმა ბევრი ისეთი შემთხვევა ააცილა თავიდან, რომელზეც საზოგადოებას არაფერი გაუგია, ვინაიდან ეფექტურად შეძლო პრევენციის მექანიზმების დაცვა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ განცხადებას, ფაქტია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ადგილობრივი აგენტურა და მათი პატრონები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელოვნურად აწეული მუხტი უფრო განავითარონ. რეალურად იღებენ საპირისპიროს. დღითი დღე ეს მუხტი კლებულობს და „ნაცმაიდანის“ უკან მდგომ ადამიანებს თავისი მზაკვრული გეგმების განხორციელების შანსი სულ უფრო და უფრო ეცლება ხელიდან. როგორც ჩანს სწორედ აქედან მათ ყველაზე საზარელი გეგმის ბოლო ეტაპის განხორციელება დაისახეს მიზნად, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები დაიღუპონ, შემდეგ ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას და ამის საფუძველზე გადატრიალების სცენარი განახორციელონ. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ასეთ გეგმებს განხორციელება არ უწერია. აუცილებელია, რომ როგორც შესაბამისი სამსახურები, ისე საზოგადოება მომდევნო დღეების განმავლობაში იყოს ძალიან ყურადღებით, ფხიზლად. სხვათა შორის გუშინდელი რიტუალი, როდესაც მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს მოედანზე ერთგვარი შესავალია ამ გეგმის განხორციელების. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა ინსტიტუტები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს გეგმა არ განხორციელდეს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.