ნინო წილოსანი: ძალიან ნიშანდობლივი, სატანისტური რიტუალი ჩაატარეს მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებით და ალბათ ეს, ლოგიკური დასაწყისი იყო იმისა, რასაც გეგმავენ
ძალიან ნიშანდობლივი, სატანისტური რიტუალი ჩაატარეს მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებით და ალბათ ეს, ლოგიკური დასაწყისი იყო იმისა, რასაც გეგმავენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ბოლო შანსია რადიკალებისთვის მავნებლური აქციების წარმართვის მცდელობის და შესაძლოა, აქციების წარმატებისთვის ვნებათაღელვა მსხვერპლის გაჩენით გამოიწვიონ.
„მეცამეტე დღეა და ვხედავთ, რომ აქცია კლებად რეჟიმშია გადასული. ეს სამართალდამცავი სტრუქტურების სწორი, ეფექტიანი და დროული რეაგირებით ხდება. ვხედავთ, რომ საოცარი შრომა გასწიეს პოლიციელებმა, ყველა სამართალდამცავმა და ის რომ აქცია უკვე მშვიდობიან რეჟიმშია გადასული ეს მათი დამსახურებაა, რაც მათ შორის, იმ წყაროების დახშობით, რომელიც ამ პიროტექნიკის, სხვადასხვა საომარი საშუალებების მიწოდების და იმ რადიკალური პარტიების და ოფისების დალუქვით გამოიხატა. სწორედ სამართალდამცავები, სუსი გვეუბნება, რომ რეალური საფრთხეა და არსებობს კონკრეტული ინფორმაცია მსხვერპლთან დაკავშირებით.
ძალიან ნიშანდობლივი, სატანისტური რიტუალი ჩაატარეს მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებით და ალბათ ეს, ლოგიკური დასაწყისი იყო იმისა, რასაც გეგმავენ. ჩვენ ვიცით ეს ადამიანები რაზე არიან წამსვლელები. ისინი ფაქტობრივად ყველა მათ ჩათში, ჯგუფში იწერებიან სასოწარკვეთილები, რომ ეს მათი ბოლო შანსია და ნამდვილად, მე მინდა საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს ვუთხრა, რომ ეს მართლაც მათი ბოლო შანსია. იმდენად ნათლად დავინახეთ ყველამ თითოეული მათგანი, რაზე შეიძლება იყვნენ წამსვლელები და რა შეუძლიათ გააკეთონ, რომ ეს არის მათი მავნებლური აქციების ბოლო მცდელობა.
ეს ბოლო მცდელობაა იმისთვის, რომ რაღაც ფორმით წარმატებით წარმართონ, უმართავ პროცესებში გადაიყვანონ ეს დემონსტრაციები. ეს უმართავი პროცესები კი შეუძლიათ იმ დიდი ვნებათაღელვით გამოიწვიონ, რაც მსხვერპლს შეუძლია მოჰყვეს. არ გამოვრიცხავთ, რომ ახალგაზრდასთან იყოს დაკავშირებული ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას სამართალდამცავმა უწყებამ და მათ აქვთ ამის საფუძველი. სუსი არის სტრუქტურა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად სამაგალითოდ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და საერთაშორისო დონეზე მონაწილეობს გარე თუ შიდა რისკების პრევენციაში“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.