“როდესაც თანაუგრძნობ ერთ დაზარალებულს და უფრო მძიმედ დაშავებულ ადამიანებს არც კი ახსენებ, ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ უსამართლობის ძალიან მაღალი ხარისხია” – მდინარაძე
“როდესაც თანაუგრძნობ ერთ დაზარალებულს და უფრო მძიმედ დაზარალებულ და დაზიანებულ ადამიანებს არც კი ახსენებ, არც კი მოგიკითხავს, ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ უსამართლობის ძალიან მაღალი დონე და ხარისხია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„გასაგებია ამ მიდგომის მიზანი. უნდა დაიგმოს მხოლოდ „ნაცზე“ თავდასხმა, „ნაცის“ დაზიანება, ხოლო პოლიციელის, სახელმწიფოს წარმომადგენლის დაწვა პიროტექნიკით, ქვებით თავის გატეხვა, შურდულით ნასროლი მძიმე საგნებით თავის გატეხვა არაფერი არ არის. ეს არის აუცილებელი რაღაც, როგორც ჩანს, რევოლუციისათვის, „მაიდინისთვის“. „მაიდნისათვის“, რომლისთვისაც ყველაფერს აკეთებენ. განსაკუთრებით უმორალოა ის სცენა, რაც აკერმანისეულ თუ რევოლუციის სხვა სახელმძღვანელოებში წერია და რაც გააკეთეს 2003 წელს. გვახსოვს კადრებით ყველას, კუბო რომ ჩამოატარეს 2003 წელს. „მაიდნის“ დროს უკრაინაში, იქაც კუბო ფიგურირებდა. გუშინ სპეციალურად წავიდნენ და სატანისტური რიტუალი ჩაატარეს ისე, რომ მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს სპეციალურად, ადგნენ და ეს დაწვეს. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას. რატომ გამოჰყავთ ხშირად წინა პლანზე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები? არაფერს ვერჩით იმ ხალხს, როცა კანონის ჩარჩოებში იქცევა ადამიანი. ჩვენ მხოლოდ პროპაგანდას ვებრძვით და არა რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელს. მაგრამ რატომ ხდება მათზე ხაზგასმა?! რატომ არიან ბრძოლის წინა ხაზზე ძირითადად ასეთი ადამიანები?! რატომ წვავენ კუბოს მაინც და მაინც მაცხოვრის გამოსახულებით, ასე დემონსტრაციულად?! რატომ იღებენ რევოლუციური, ასეთი სატანისტური დამოკიდებულებით და მიდგომით გადაწყვეტილებებს?! რევოლუციური წიგნებიდან ამ კონკრეტულ მაგალითებს რატომ უხდენენ რეალიზებას?! იმიტომ, რომ ხაზგასმა მოხდეს კონკრეტულად ამ მიმართულებებზე. ეს შემთხვევითი არ არის და ამას ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს“, – განაცხადა მდინარაძემ.