ცხოვრება ყინულზე

        მიუხედავად იმისა, რომ 9 წლიდან სამშობლოში არ ცხოვრობს, უკვე 15 წელია ყველა საერთაშორისო ასპარეზობაში საქართველოს სახელით მონაწილეობს. ფიგურულ სრიალში ის პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც იუნიორთა შორის ოქროს, მოზრდილთა შორის კი ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. ელენე გედევანიშვილი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და თავისი უკანასკნელი ოლიმპიადისთვის ემზადება…

– რა ასაკში გახვედით პირველად ყინულზე და რა ემოციები გქონდათ, გახსოვთ?
– იმდენად ადრეულ ასაკში(სამი წლისაც არ ვიყავი) დავდგი ყინულზე ფეხი, რომ ემოციები აღარ მახსოვს, თუმცა მონაყოლით ვიცი, რომ აღფრთოვანებული ვიყავი. პირველივე დღეს მისწავლია დამოუკიდებლად სიარული ყინულზე და საშინლად ვცელქობდი თურმე, მაგალითად, ყინულს ვჭამდი, რის გამოც თურმე მწვრთნელები სულ მიყვიროდნენ : ელენე ნუ ჭამ მაგ სიბინძურესო … ყინულის მოედნიდან რომ გამოვდიოდი, ჯიბეები თურმე ყინულით მქონდა სავსე. ყინული რომ მომქონდა, მეც კარგად მახსოვს, აწ განსვენებული ციცო ბებო სულ მეხვეწებოდა: ნუ ივსებ ჯიბეებს ყინულით, ტანსაცვლის გაშრობას ვერ ვასწრებო…  მოკლედ, ყოველი ჩემი ყინულზე გასვლა ნამდვილი დღესასწაული იყო: გართობა და თამაში.
– რადგან ასე ადრეულ ასაკში დაიწყეთ, თქვენი სურვილით ბუნებრივია ვერ მოხვდებოდით ყინულზე… მშობლებს უნდოდათ რომ მოციგურავე ყოფილიყავით?10723374_10203092656703549_627696050_n
– ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ჩემი, როგორც მოციგურავის კარიერაზე არც მშობლებს უფიქრიათ, ყინულზე იმიტომ შემიყვანეს, რომ კოორდინაცია გამომემუშავებია და მერე ოჯახთან ერთად  თხილამურებზე მესრიალა… მაგრამ მერე ისე გამოვიდა, რომ ფიგურულ სრიალში დავრჩი. სხვათა შორის, მოთხილამურე, თანაც საკმაოდ წარმატებული, ჩემი ძმა გახდა.
– და მაინც, რატომ დარჩით ყინულზე, ძალიან რომ მოგწონდათ თუ განსაკუთრებული მონაცემები აღმოგაჩნდათ, რის გამოც ვარჯიში გააგრძელეთ?
– როგორ გითხრათ, პრინციპში ორივე ერთად, თუმცა თავიდან (მას შემდეგ, რაც ცელქობა და თამაში დასრულდა) ვარჯიშები დიდად არ მიყვარდა, 5 წლის ვიყავი მაშინ და მახსოვს, როგორი ტანჯვა იყო ჩემთვის წინ და უკან ჯვარედინების კეთება – ძლივს ვისწავლე, არ მომწონდა რატომღაც… ჯვარედინები, ფიგურულ სრიალში იგივეა, რაც ანბანის სწავლა… შემდეგი ეტაპი უკვე ერთმაგების ხტომა იყო, რამაც ძალიან გამიტაცა და კვლავ შემაყვარა ყინულის მოედანზე მისვლა. მთელი დღეების განმავლობაში, ვიყავი ყინულზე თუ არა, ნახტომის იმიტაციას ვაკეთებდი ყველგან, მთელი დღე ვხტუნავდი… ექვსი წლის რომ გავხდი, უკვე ერთნახევარი ნახტომი გავაკეთე სულ ადვილად. როგორც კი ავხტი, ერთნახევარი ნახტომი, იქ უკვე გამოჩნდა ჩემი პოტენციალი, ამას მოყვა ორმაგი ნახტომები, რომელიც, რაკი მომწონდა და მიხაროდა ამის კეთება, ძალიან ადვილად ვისწავლე. ყველაფერმა ამან გამოიწვია მწვრთნელების ყურადღება, უკვე დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ. მე, რა თქმა უნდა, პატარა ვიყავი და რა უნდა გადამეწყვიტა? ასეთ შემთხვევაში ყველაფერი ბუნებრივია, მშობლებზეა დამოკიდებული. ჩემებმაც, მიუხედავად იმ გაჭირვებისა, რომელიც იმ დროს იყო (2000-2001 წლები), ყველაფერი დათმეს და მოსკოვში გადავედით, სადაც დავიწყეთ სერიოზული მზადება, მე ფიგურულ სრიალში, ჩემმა ძმამ კი სამთო-სათხილამურო სპორტში.
– როდის და როგორ მოვიდა წარმატება?
– იცით რა, როდესაც რაიმე საქმე გიყვარს, გაინტერესებს და ამის ნიჭიც მოგანიჭა ღმერთმა, წარმატება თავისით მოდის, თავიდან ვერც კი ვაცნობიერებდი, რა პროგრესი განვიცადე სულ რაღაც 2-3 წელიწადში.  როდესაც მოსკოვში დავიწყე მზადება, ერთ- ერთ ჯგუფში სადაც 9 მოზარდი ვვარჯიშობდით, მაჩანჩალასავით სულ ბოლოში მივსრიალებდი, რადგან იქ დიდი ყინული იყო, მე კი პირველად ვიყავი ასეთ ყინულზე და დიდ ყინულზე სრიალის არანაირი გამოცდილება არ მქონდა … მხოლოდ იმიტომ ამიყვანეს იმ ჯგუფში, რომ კარგად ვხტუნაობდი… სეზონის ბოლოს უკვე ამ ჯგუფში პირველი ვიდექი… მეტსაც გეტყვით, იმ რეგიონში მოსკოვის პირველობის შესარჩევ ტურნირზე სამი წამყვანი სკოლის ჩემპიონი გავხდი. შემდეგ, მოსკოვის პირველობაზე პირველი ადგილი ავიღე და მომიწია ახლა რუსეთის პირველობაზე გასვლა, სადაც მესამე ადგილზე გავედი. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი სერიოზული პროფესიული წარმატებები…
შემდეგ წელს უკვე საერთაშორისო გრან-პრიზე დავიწყე გამოსვლა, ახალგაზრდებს შორის, ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მაქვს… შემდეგ უკვე მოზრდილებში, ორი ბრინჯაოს მედალი ევროპაზე, მსოფლიო გრან-პრიზე 10 საუკეთესო მოციგურავეს შორის ვიყავი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში…
ყოველი შეჯიბრის, ყოველი გამარჯვების შემდეგ პროფესიულად ვიზრდები და შემდეგ შეჯიბრებებზე უფრო თავდაჯერებული გამოვდივარ. წარმატება კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს, მაძლიერებს და მეხმარება, რომ კიდევ უფრო დიდი შემართებით გავაგრძელო ჩემი საყვარელი საქმე.
– რას ნიშნავს თქვენთვის ფიგურული სრიალი და რა არის მასში, ყველაზე რთული და რა, ყველაზე სასიამოვნო?10723343_10203092656503544_1043525484_n
– შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფიგურული სრიალი მარტო სპორტი არ არის, ის ძალიან ახლოა ხელოვნებასთან… ამიტომაც იწერება ორი შეფასება – სპორტული და მხატვრული, სწორედ მათი ჯამით გამოდის საერთო შეფასება. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს გამოსვლაში რაც შეიძლება მეტი მხატვრული ელემენტი იყოს, მაგრამ, ამავე დროს, ტექნიკურად რთული ელემენტებით დატვირთული, ეს ყველაფერი კი ორმაგ კონცენტრაციას და ემოციურ დატვირთვას მოითხოვს…
ყველაზე რთული მომენტი, ალბათ შეჯიბრებაზე გასვლაა, იმიტომ რომ მთელი შენი წლიური ვარჯიში უნდა ჩაატიო რაღაც 3-4 წუთში, ალბათ ძნელია ამის წარმოდგენა, რომ თუ ამ სამ წუთში არ გამოგივიდა კარგად გამოსვლა ყველაფერი წყალშია ჩაყრილი…
ყველაზე სასიამოვნო კი, რა თქმა უნდა გამარჯვებაა, როდესაც შენი ნაშრომი გიფასდება, უხარიათ მშობლებს, ახლობლებს, გულშემატკივრებს და ეს ძალიან დიდი სტიმულია იმისთვის, რომ გააგრძელო იმის კეთება რაც გიყვარს და რაც კარგად გამოგდის…
– ყინულის და ციგურების გარდა, კიდევ რა ინტერესები გაქვთ ცხოვრებაში?
– ინტერესით სულ მაინტერესებდა სპორტის აქტიური სახეობები. ძალიან მიყვარს ოჯახთან ერთად მთაში ყოფნა, სრიალი, თამაში – ექსტრემიც არის, ბევრი იუმორიც და მხიარულებაც. სამწუხაროდ, უდროობის გამო ასეთი მომენტები არც ის ხშირია. მიყვარს, აგრეთვე, სნოუბორდით სრიალი, ვთამაშობ ჩოგბურთს, ჰოკეის, ვცურავ, მიყვარს კიკბოქსინგი. ეს ყველაფერი მეხმარება დასვენებაში და სპორტული ფორმის შენარჩუნებაშიც. ბევრს ვკითხულობ (რამდენადაც ამის საშუალება მაქვს) 2011 წელს დავიწყე სწავლა ფელიციან კოლეჯში, ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე, დავხურე ერთი კურსი წარმატებით, მაგრამ შევატყვე, რომ ეს ძალიან დიდ დროს მართმევდა და ჩემს სპორტულ კარიერას აკლდებოდა. ამიტომ გადავედი ბერკლის კოლეჯში, ონლაინრეჟიმში სწავლაზე. ეს კიდევ უფრო ძნელი აღმოჩნდა ჩემთვის, უფრო მეტ დროს მოითხოვდა, მაგრამ მაინც შევძელი ორი კურსის დამთავრება, შემდეგ კი ოლიმპიური წელი მოდიოდა და ყველაფერი გვერდზე უნდა გადამედო და მთელი ყურადღება სპორტზე უნდა გადამეტანა, ამიტომ ვარჩიე სწავლა ცოტა ხნით გვერდზე გადამედო და კარიერის დამთავრების შემდეგ გამეგრძელებინა.
– როგორ ფიქრობთ, ფიგურული სრიალის კუთხით რა პერსპექტივა აქვს საქართველოს?1502936_10203092656623547_484732335_o
– საქართველოში ყინულზე სრიალს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს,მე ბედმა შემახვედრა აქ, ამერიკაში პიროვნებას, მწვრთნელს ედუარდ პლინერს, რომელთანაც გარკვეულ დროს ვემზადებოდი. ეს არის ღრმა ერუდიციის მქონე, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე მწვრთნელი, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი ქართულ საციგურაო სპორტს, სადაც ფეხი აიდგა ყველა ქართველმა მოციგურავემ. სამწუხაროდ, ეს ყინული არასტანდატული იყო, დარწმუნებული ვარ, სტანდარტული ყინული რომ გვქონოდა, ახლა ბევრი მაღალი დონის საერთაშორისო სპორტსმენი გვეყოლებოდა. ეს თემა ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ისევე როგორც ამ სპორტში მოღვაწე ყველა სპორტსმენისათვის, მით უმეტეს, რომ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნაში, მათ შორის ბაქოსა და ერევანშიც, არის სტანდარტული ზომის ყინულის მოედნები. ვფიქრობ, რომ ბევრი ტალანტი დაიკარგა ამის გამო, დადიოდნენ მხოლოდ შეკრებებზე, რაც არ არის საკმარისი პროფესიული სპორტისთვის.
აქვე ვიტყვი და იმედია, თავის ქებაში არ ჩამომართმევთ, ჩემმა წარმატებამ გარკვეული სტიმული მისცა საქართველოში ამ სახეობის განვითარებას, 2006 წლის შემდეგ აშენდა ყინულის მოედნები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაიში (მართალია, არასტანდარტული). ჩემი ინფორმაციით, სასწავლო ჯგუფებში ადგილების დეფიციტია, რაც ძალიან მახარებს, ბედნიერი ვარ, რომ მცირე წვლილი მეც შევიტანე ჩემს სამშობლოში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვაში.
– უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვთ?
– დღესდღეისობით, მთელ ჩემს ძალას ვარჯიშებს ვახმარ, მინდა, რომ ჩემი კარიერის პიკს მივაღწიო, უკვე 13 წელია საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოვდივარ, 3 ოლიმპიადა გამოვიარე და არც ისე ბევრი დრო დამრჩა, ერთი ოლიმპიური ციკლიც და ალბათ მეტს ვეღარ შევძლებ.
– პროფესიულ ოცნებას გაგვიმხელთ?
– ფიგურულ სრიალში, ისევე როგორც ყველა სპორტის სახეობაში, არის იმ სტანდარტული ილეთების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებელია ყველა მაღალი კლასის სპორტსმენისთვის, მე მათ საკმაოდ დიდ ხანია ვარ დაუფლებული, მაგრამ აი მათი შესრულება – ხარისხი, სილამაზე, მანერა, ეს ყველაფერი იზრდება და პროგრესირებს. ჩემთვის ყველაზე საოცნებო სწორედ ის არის, რომ ნახტომი, სრიალი და ქორეოგრაფია ჰარმონიულად და უშეცდომოდ შევასრულო…

გიორგი მიქაძე

10715875_10203092656463543_405835276_n

10717609_10203092656583546_1461574784_n

10723402_10203092656543545_2092513082_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები