ევროპის საბჭო – მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის აქტები ზოგიერთი მომიტინგის მხრიდან მოხდა, ეს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას არ ამართლებს

სერიოზული შეშფოთებით ვადევნებ თვალს პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების ცნობებს, ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებენ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებები, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას, – ამის შესახებ განაცხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ოფლაერტიმ.

„გუშინ საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში მისმა ოფისმა, 201 პირიდან უმეტესობამ მიუთითა, რომ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა მოხდა, მათ შორის, დაკავების შემდეგაც. უმეტესობას სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა სახის, თვალისა და თავის არეში, რაც მიუთითებს ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე. 29 ნოემბრის განგაში ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა დაცვის პლატფორმაზე იტყობინება, რომ სულ მცირე, 35 ჟურნალისტისა და მედიის თანამშრომლის მიმართ იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და მათ ხელი შეეშალათ პროფესიულ მოვალეობებში.

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის აქტები მოხდა ზოგიერთი მომიტინგეების მიერ, ისინი არ ამართლებენ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას. რაც შეეხება წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გავრცელებულ გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მე ხაზს ვუსვამ, რომ ძალის გამოყენების შემთხვევაში, უნდა იყოს უკანასკნელი საშუალება და უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ სტანდარტებს. ასევე, დარბევა უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ როგორც უკანასკნელი საშუალება, შესაბამისი დეესკალაციის ძალისხმევის შემდეგ. მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა უნდა შეინარჩუნონ თავისუფლად შეკრების უფლება.

აღვნიშნავ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ქმედებებზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბრალდება ძალადობისა და დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პროაქტიურად იყოს გამოძიებული და ყველა პირი იყოს პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ყველა სამართალდამცავმა უნდა ატაროს ან აჩვენოს შესაბამისი საიდენტიფიკაციო ფორმები, რათა ძალადობის ჩამდენ პირთა დევნას და სანქციებს ხელი შეუწყოს ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებით.

მე ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ის პირი, რომელიც დააკავეს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების ლეგიტიმური გამოყენების გამო და შეასრულონ თავიანთი ვალდებულება – უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ საზოგადოებრივი შეკრებების გაშუქება თავისუფლად და უსაფრთხოდ. მე გავაგრძელებ სიტუაციის ყურადღებით დაკვირვებას და ამ საკითხების დაყენებას საქართველოს ხელისუფლებასთან“,- ნათქვამია ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები