ლევან მაჭავარიანი: გუშინდელ აქციაზე არასრულწლოვანთა რაოდენობა იყო საკმაოდ გაზრდილი – დამნაშავეები არიან არა მხოლოდ შიდა აქტორები ზურაბიშვილის თამადობით, არამედ გარე აქტორებიც
“დამნაშავეები არიან არა მხოლოდ შიდა აქტორები ქალბატონი ზურაბიშვილის თამადობით, არამედ გარე აქტორებიც”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი ლევან მაჭავარიანი ვიდეოს, სადაც ჩანს აქტივისტი, რომელიც ერთ-ერთი სკოლაშია შესული და არასრულწლოვანებს მოუწოდებს, გავიდნენ გარეთ.
მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე არასრულწლოვანთა რაოდენობა საკმაოდ გაზრდილი იყო.
„ამაში, რა თქმა უნდა, დამნაშავეები არიან არა მხოლოდ შიდა აქტორები ქალბატონი ზურაბიშვილის თამადობით, რომელმაც პირდაპირ ეთერში მოუწოდა, რომ ეს პოლიტიკა სკოლებშიც უნდა შევიტანოთო, არამედ გარე აქტორებიც, ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან, რომლებიც, სამწუხაროდ, ამას არ გმობენ და ჩვენ ამის შედეგად ვიხილეთ რა – ვიხილეთ ის, რომ მაგალითად გუშინდელ აქციაზე არასრულწლოვანთა რაოდენობა იყო საკმაოდ გაზრდილი. დღეს ახლა დილიდან ვაკვირდებით სკოლებში რა სიტუაციაა, სადაც რამდენიმე სკოლაში მაგალითად შევიდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მფლობელობაში არსებული ტელევიზიების ჟურნალისტები რუპორებით და ისინი მოუწოდებენ ბავშვებს იმისკენ, რომ დატოვონ სკოლები და შეუერთდნენ აქციებს“ – განაცხადა მაჭავარიანმა.