მარკ რუტე – “ახლა უკრაინას სამხედრო დახმარება უფრო სჭირდება, ვიდრე მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს მშვიდობა”
ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით ალიანსის პოზიცია უცვლელია.
„პარტნიორები თანხმდებიან, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია“, – განაცხადა რუტემ და აღნიშნა, რომ ნატოს ვაშინგტონის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, პარტნიორები წევრობისკენ ხიდს ავითარებენ.
როგორც მარკ რუტემ თქვა, ალიანსი უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ფოკუსირებას გეგმავს.
„მომდევნო დღეებში კონცენტრირებული ვიქნებით იმაზე, თუ რა გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად. შეხვედრა იმაზე იქნება ფოკუსირებული, რომ როდესაც უკრაინა გადაწყვეტს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, ეს ძლიერი პოზიციიდან გააკეთოს“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მისი თქმით, ახლა უკრაინას სამხედრო დახმარება უფრო სჭირდება, ვიდრე მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს მშვიდობა.