რატი ბრეგაძე: ოპოზიციის ყოფნით წინა პარლამენტს არაფერი შემატებია
“ოპოზიციის ყოფნით წინა პარლამენტს არაფერი შემატებია, არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, მთელ რიგ შემთხვევებში ისინი საკუთარ ამომრჩეველსაც არ სცემენ პატივს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია პარლამენტის ტრიბუნას მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად იყენებდა.
„სიმართლე გითხრათ, ოპოზიციის ყოფნით წინა პარლამენტში, პარლამენტს ბევრი არაფერი შემატებია. ოპოზიციის წარმომადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა, პრაქტიკულად, არ ესწრებოდა სხდომებს და არ იღებდა მონაწილეობას პარლამენტის საქმიანობაში, რითაც ისინი ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს. მათი მხრიდან არ გამიგია არცერთი საქმიანი კითხვა და როდესაც ისინი დასვამდნენ კითხვას, გადიოდნენ დარბაზიდან და მინისტრის საათზეც არაერთხელ შევსწრებივარ ამ გარემოებას. პარლამენტის ტრიბუნას იყენებდნენ მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიულ-მერკანტილური ინტერესების დასაკმაყოფილებლად და არა იმ ამომრჩევლისთვის, რომელმაც მათ ხმა მისცა. ოპოზიციის წარმომადგენლები მთელ რიგ შემთხვევებში საკუთარ ამომრჩეველსაც არ სცემენ პატივს“, – განაცხადა ბრეგაძემ.